თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხელი მოაწერა თურქეთის პარლამენტის გადაწყვეტილებას NATO-ში შვედეთის გაწევრიანების რატიფიცირების შესახებ. შესაბამისი ინფორმაცია თურქეთის ოფიციალურ გაზეთში გამოჩნდა, სადაც მიღებული კანონები ქვეყნდება.
„მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული დამტკიცდეს 2022 წლის 5 ივლისს ბრიუსელში ხელმოწერილი „ოქმი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში შვედეთის სამეფოს მონაწილეობის შესახებ“. ეს კანონი ამოქმედდება გამოქვეყნების დღიდან. ეს კანონი აღსრულდება პრეზიდენტის მიერ“, - ნათქვამია განცხადებაში.
მას შემდეგ, რაც თურქეთმა შვედეთს NATO-ში გაწევრიანების გზაზე მწვანე შუქი აუნთო, შვედეთის NATO-ში გაწევრიანების დამაბრკოლებელ ფაქტორად მხოლოდ უნგრეთი რჩება.
24 იანვარს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორვ ორბანმა განაცხადა, რომ იენს სტოლტენბერგს დაუდასტურა, რომ უნგრეთის მთავრობა მხარს უჭერს შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას.