აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ აშშ განაგრძობს მჭიდრო თანამშრომლობას უკრაინის მთავრობასთან ბელგოროდის ოლქში რუსული თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტების დასადგენად.
სახელმწიფო დეპარტამენტში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ წარმოუდგენლად რთულია რუსული მხარის მონაწილეობით გამოძიების წარმოება.
„ამჟამად, ჩვენ უბრალოდ ვაგრძელებთ მჭიდრო კომუნიკაციას უკრაინის მთავრობასთან, რათა დავადგინოთ ფაქტები და გავარკვიოთ ზუსტად რა მოხდა“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
24 იანვარს რუსეთში, ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდა სამხედრო თვითმფრინავი „ილ-76“, რომელსაც, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 65 უკრაინელი ტყვე გადაჰყავდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი გარდაიცვალა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოში განაცხადეს, რომ ჯერ არ ფლობენ სანდო ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ იმყოფებოდა ბელგოროდის ოლქში ჩამოგდებულ რუსულ სამხედრო თვითმფრინავში.
რუსული „ილ 76“-ის ჩამოვარდნის გამო, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა მოითხოვა.