ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სესიაზე, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, ეკა სეფაშვილი, სიტყვით წარსდგა.
სეფაშვილმა ისაუბრა საზოგადოების მონაწილეობის წინააღმდეგ სტრატეგიული სარჩელების თემაზე და აღნიშნა, რომ მტკიცებულებები და ფაქტები უნდა იყოს მყარი, რათა ზიანი არ მიადგეთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს თავიანთი მოვალეობის შესრულებისას.
მისი თქმით, ის ფაქტი, რომ პიროვნება მედიის ან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი, ან აქტივისტია, არ აძლევს მათ მანიპულაციის და დეზინფორმაციის შექმნის და მცდარი აღქმებით პიროვნებისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენების უფლებას.
„ნება მომეცით, რამდენიმე სიტყვა ვთქვა ანგარიშზე “დაპირისპირება საზოგადოების მონაწილეობის წინააღმდეგ სტრატეგიულ სარჩელებთან: დემოკრატიული საზოგადოების იმპერატივი”.
ვულოცავ მომხსენებელს, ბატონ შენაჰს ანგარიშის წარდგენას, რომელიც მნიშვნელოვან საკითხს წამოჭრის, რასაც თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოები აწყდებიან. ეს არის სტრატეგიული სარჩელები საზოგადოების მონაწილეობის წინააღმდეგ ანუ SLAPP.
რა თქმა უნდა, მსგავსი შემთხვევების იდენტიფიცირება და მედიის თავისუფლების ასევე, გამოხატვის თავისუფლების ხელშეწყობა მნიშვნელოვანია. მაგრამ მეორე მხრივ, წინდახედულობა და სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, რომ შეცდომები არ დავუშვათ მსგავს მიდგომებში. ვგულისხმობ იმას, რომ როცა ჩვენ ვსაუბრობთ მსგავს შემთხვევებზე, მტკიცებულებები, ფაქტები და არგუმენტები უნდა იყოს მყარი, სანდო და აშკარა, რაღა ზიანი არ მივაყენოთ პოლიტიკოსებს, საჯარო მოხელეებს ან გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, როცა ისინი თავის მოვალეობას ასრულებენ, რომ ხელი არ შევუშალოთ, ეფექტიანად წარმართონ თავიანთი საქმიანობა.
ის ფაქტი, რომ პიროვნება წარმოადგენს მედიის ან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელს, ან აქტივისტია, არ აძლევს მათ მანიპულაციის ან დეზინფორმაციის შექმნის უფლებას. ზოგჯერ ისინი ქმნიან მცდარ აღქმებს საზოგადოებაში და ეს პიროვნებას რეპუტაციულ ზიანს აყენებს, რომლის აღდგენა საკმაოდ რთულია შემდეგ.
ამრიგად, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, როცა SLAPP -ის შემთხვევების იდენტიფიცირებას ვახდენთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანის უფლებები უნივერსალურია და ამ უფლებების დაცვა ყველას მიმართ უნდა განხორციელდეს.
ამრიგად, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ SLAPP-ის შემთხვევებს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ საჯარო მოხელეებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და პოლიტიკოსებსაც აქვთ უფლებები და შესაბამისად, SLAPP-ის დადგენისას მტკიცებულებები უნდა იყოს მყარი და კანონის უზენაესობა უნდა იყოს დაცული", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.