შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული ს.პ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მიმდინარე წლის 25 იანვარს, თბილისში, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა - 2003 წელს დაბადებულ ნ.ა.-ს., რის შემდგომაც ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავა. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.