„ამ სამოქმედო გეგმაში, რომელიც მთავრობას და ევროკომისიას შორის არის შეთანხმებული, არის დიდი ნაწილი საკითხებისა, რომელიც არის მთავრობის იმპლემენტაციის საკითხი და არის თემები, რომლებიც საკანონმდებლო მხარდაჭერას მოითხოვს“, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„პარლამენტი თავისი უმრავლესობის სახით, მზად არის, რომ ყველა ეს სამუშაო შეასრულოს. იქნება თუ არა ეს მუშაობა ოპოზიციის ჩართულობით, ეს დიდწილად მათზეა დამოკიდებული, თუმცა მე მაინც სკეპტიკურად ვუყურებ ამ საკითხს. შეიძლება თქვან, რომ მუშაობას იწყებენ, მაგრამ მათი მუშაობა შესაძლოა ძირითადად არა კონსოლიდირებული მუშაობისკენ იყოს მიმართული, არამედ უშინაარსო კამათს და მუშაობის ჩაშლის მცდელობას ჰქონდეს ადგილი“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ცხრაპუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით უმრავლესობის, საპარლამენტო ოპოზიციისა და მესამე სექტორის მონაწილეობით, 29 იანვარს პარლამენტში სამუშაო შეხვედრა გაიმართება. 9 პუნქტის შესრულება ოფიციალურმა ბრიუსელმა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდეგ განუსაზღვრა.