პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ბექა ოდიშარიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ 2013 წლიდან მუშაობს იმაზე, რომ გამოსახლების პროცესი უფრო ლმობიერი და ჰუმანური ყოფილიყო.
მისი განმარტებით, კეკელიძის ქუჩაზე განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ გარკვეული მიმართულებები დასახვეწია.
„ბუნებრივია, საპატრიარქოს ვეთანხმებით. „ქართულ ოცნებას“ ეს მუშაობა დაწყებული აქვს 2013 წლიდან, რათა დაწესებულიყო სარგებლის მიღების ზედა ზღვარი, ასევე შემოტანილი იქნა სასამართლოს კომპონენტი. მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წლამდე ადამიანებს სახლებიდან ასახლებდა პოლიცია ძალიან მარტივად და უბრალოდ. ჩვენ შევეცადეთ, რომ ეს პროცესი გამხდარიყო უფრო ლმობიერი და ჰუმანური, თუმცა დღევანდელი სურათი და ის სამწუხარო მოვლენები, რომელიც კეკელიძის ქუჩაზე განვითარდა, გვაჩვენებს, რომ გარკვეული მიმართულებები დასახვეწია“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.