ბუდუ ზივზივაძემ მეორე ბუნდესლიგაში ისევ გაიტანა და „კარლსრუეს“ „ჰამბურგთან“ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებაში დაეხმარა – 4:3.
ქართველი თავდამსხმელის გუნდი გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს გასვლაზე დაუპირისპირდა – ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეს“ ძირითად შემადგენლობაში იყო, 84 წუთი ითამაშა და მწვრთნელის ნდობა გაამართლა.
მატანოვიჩის დუბლით (3, 6) „კარლსრუე“ სწრაფად დაწინაურდა, მაგრამ „ჰამბურგმა“ ჯატას (33) და ბენესის (35) გოლებით შესვენებამდე წონასწორობა აღადგინა. მეორე ტაიმი რამდენიმე წამის დაწყებული იყო, როდესაც ბუდუ ზივზივაძემ სტუმრები ისევ დააწინაურა. „ჰამბურგმა“ შეუტია და ამჯერად გლაცელის (62) გოლით გაათანაბრა, მაგრამ მარვინ მანიცეკმა 81-ე წუთზე გადამწყვეტი გოლი გაიტანა და „კარლსრუეს“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.
„კარლსრუემ“ მეორე ბუნდესლიგაში გამართული 19 ტურის შემდეგ 27 ქულა დააგროვა და მე-12 ადგილიდან მერვე პოზიციაზე დაწინაურდა, ბუნდესლიგის პლეიოფის ზონასთან ჩამორჩენა კი რვა ქულამდე შეამცირა.
ბუდუ ზივზივაძემ ოთხ ტურში მესამე გოლი გაიტანა, სულ კი ბოლო ცხრა შეხვედრაში მეტოქის კარი ექვსჯერ აიღო. ქართველი ფეხბურტელი მატანოვიჩთან და ვანიცეკთან ერთად გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.