აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იორდანიაში ამერიკულ ბაზაზე დრონებით თავდასხმას გამოეხმაურა, რასაც 3 ჯარისკაცი ემსხვერპლა, 25 კი დაშავდა.
ბაიდენის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ჯერ ფაქტები არ არსებობს, იციან, რომ შეტევა განახორციელა ირანის მიერ მხარდაჭერილი რადიკალი მებრძოლების ჯგუფმა, რომლის წევრებიც სირიასა და ერაყში მოქმედებენ.
„ამ სამხედრო მოსამსახურეებში ხორცშესხმულია ჩვენი ერის საუკეთესო მხარე: მტკიცე სიმამაცე, თავიანთი მოვალეობის ურყევი შესრულება და საკუთარი ქვეყნისადმი ერთგულება, საკუთარი უსაფრთხოების ხარჯზე, თანამებრძოლების და ასევე, ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების უსაფრთხოებაზე ზრუნვა, ვისთან ერთადაც, მხარს ვუჭერთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას.
ეჭვი ნუ გექნებათ - ჩვენ პასუხს ვაგებინებთ ყველა დამნაშავეს იმ დროსა და იმ ფორმით, როგორც ჩვენ გადავწყვეტთ“, - ამბობს ბაიდენი.
შეგახსენებთ, თავდასხმა დღეს, 28 იანვარს, ისრაელის საზღვრის სიახლოვეს მოხდა.