„ოპოზიცია არჩევნებს კატასტროფული სასტარტო პირობებით ხვდება და მე ეს სულ არ მიხარია. რომ ყოფილიყო ლოიალური, ეროვნული ინტერესების ერთგული და კომპეტენტური ოპოზიცია, მივესალმებოდი კი არა და თუ დამიძახებდნენ, წავიდოდი მათთან. სჭირდება ქვეყანას ეს ამბავი“, - ამის შესახებ პეტრე მამრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია თავის თავს ვერ აკონტროლებს.
„იქამდე დავიდნენ, რომ ღიად, ყველაზე კომიკურ კონფიგურაციებს ეძებენ, ოღონდ 5%-იანი ბარიერი გადალახონ. მათი გაერთიანება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათი პატარა რეიტინგები შეიკრიბება. ვთქვათ, ვიღაცას აქვს 1%, ვიღაცას - 1,5%, სხვას - 2%. ერთად რომ შეიკრიბებიან, შესაძლოა, ის 1% ვერ აიღონ, რადგან მნიშვნელოვანია მხარდამჭერების განწყობა. მაგალითად, ვიღაც პეტრიაშვილს რომ აძლევდა ხმას, სხვას რომ შეეკრა, შესაძლოა, საერთოდ არ მისცეს ხმა, რადგან დანარჩენების მიმართ არავითარი სიმპათია არ აქვს. ჩვენთან ხალხი აპატიებს და ხმას აძლევს, როდესაც ვიღაცის წინააღმდეგ ხდება გაერთიანება და ამავდროულად, ვიღაცის გარშემო“, - აღნიშნა მამრაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ მესამე ძალის შექმნაზე საუბარი სრული უვიცობაა.