logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: მე პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყნას, უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს; მე ვამაყობ შედეგებით, რომელსაც ამ პერიოდში გუნდთან ერთად მივაღწიეთ
- +

29 იანვარი. 2024. 17:48

 

 

„მე პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყნას, უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნის  და ხალხის ინტერესებს; მე ვამაყობ შედეგებით, რომელსაც ამ პერიოდში გუნდთან ერთად მივაღწიეთ“, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში მას ორჯერ მომიწია ამ უმაღლეს თანამდებობაზე მუშაობა.

 

„ძვირფასო მეგობრებო, მსურს საზოგადოებას ვაცნობო გადაწყვეტილების შესახებ, რომელზეც გუნდთან ერთად ვიმსჯელეთ. დღეს მე ვტოვებ  პრემიერ-მინისტრის თანამდებობას.

 

ნება მომეცით, მოკლედ, მაგრამ მკაფიოდ განვმარტო ამ გადაწყვეტილების მიზეზები. სულ ახლახან, გასული წლის ბოლოს, მე საზოგადოებას ჩავაბარე ვრცელი ანგარიში ჩემი სამწლიანი საქმიანობის შესახებ. მოგეხსენებათ, მთავრობის მეთაურის პოზიციაზე მეორე ვადით მუშაობა ურთულეს პერიოდში, შიდა თუ საერთაშორისო პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური კრიზისების პირობებში დავიწყე.  მე პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყნას, უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნის  და ხალხის ინტერესებს; მე ვამაყობ შედეგებით, რომელსაც ამ პერიოდში გუნდთან ერთად მივაღწიეთ; „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში მე ორჯერ მომიწია ამ უმაღლეს თანამდებობაზე მუშაობა, ჯამში  ყველაზე მეტ ხანს, 5 წელი ვიყავი პრემიერ-მინისტრი; ჩვენი პოლიტიკური გუნდის სიძლიერის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი არის შიდა დემოკრატია, რომლის ყველაზე მკაფიო გამოვლინება გახლავთ როტაციის პრინციპი - გუნდში მრავალი წარმატებული ლიდერია და საჭიროა სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა; მით უმეტეს, რომ ახლა ახალი ამოცანების წინაშე ვდგავართ - შემოდგომაზე ახალ პარლამენტს ავირჩევთ და „ქართული ოცნება“ უნდა მოემზადოს არჩევნების დამაჯერებლად მოსაგებად, რათა გავაგრძელოთ წინსვლა სხვა, უფრო დიდი მიზნების მისაღწევად“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner