საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრაზე საგადასახადო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებზე იმსჯელებენ.
„დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრებთ იმ ხარვეზებზე, რომელიც არის საგადასახადო კოდექსში. ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრებები საგადასახადო კოდექსის დახვეწასთან დაკავშირებით. მოგების გადასახადის გარდა, არის სხვადასხვა თემა. ალბათ, ბევრი ადამიანისგან გაგიგიათ შემოწმებების პრობლემებთან დაკავშირებით, ბიუროკრატიასთან, დარიცხვებთან დაკავშირებით. ჩვენ, ფაქტობრივად, ყველა ამ საკითხზე მოვისმინეთ პრემიერის მოსაზრებები და ბიზნესმენების და პრემიერის შეხედულებები თანხვედრაშია. ჩვენი ხედვაა, რომ მაკონტროლირებელი ორგანოები იყვნენ უფრო ბიზნესზე ორიენტირებულნი, საგადასახადო შემოწმების პროცესში არ შეუშალონ ხელი ბიზნესის მსვლელობას, ნაკლები იყოს ბიუროკრატია, იყოს მეტი პასუხისმგებლობა მაკონტროლებელი ორგანოების მხრიდან და იცოდნენ, რომ ისინიც აგებენ პასუხს, თუ არასწორ რამეს გააკეთებენ", - განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.
საერთაშორისო სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტის ლექსო ალექსიშვილის განცხადებით, ინვესტორთა საბჭოს მთავარია ფუნქციაა, მთავრობიდან მომდინარე ინიციატივები საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ბიზნესმენებთან ერთად განიხილებოდეს.
„მთავარი ამოცანა დღევანდელი ეკონომიკური პოლიტიკის უნდა იყოს ეკონომიკური ზრდა. ამ წუთისთვის არსებული მონაცემებით, საგადასახადო კოდექში ინიცირებული ცვლილება მოგების გადასახადთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ ეკონომიკის ზრდისთვის", - განაცხადა ლექსო ალექსიშვილმა.