"ოპოზიციის განცხადება, რომ ევროკავშირის 9 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით ხელისუფლება არსებითი ხასიათის ცვლილებების განხორციელებას არ გეგმავს, უარგუმენტოა, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
ეკა სეფაშვილმა ისაუბრა იმ საკითხზე, თუ რა თემები იყო განხილული ევროკავშირის 9 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე და რა პოზიცია ეკავა ოპოზიციას.
„ევროკავშირის 9 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ვიმსჯელეთ იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც გაწერილია სამთავრობო გეგმაში, კერძოდ, იმ ნაწილში, სადაც თავისი საქმიანობა პარლამენტმა უნდა განახორციელოს.
საკითხი ეხებოდა დეპოლარიზაციის თემას, საარჩევნო კოდექსის შემუშავებას, მართლმსაჯულების რეფორმასა და ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობას.
ოპოზიციის განცხადება, რომ ხელისუფლება არსებითი ხასიათის ცვლილებების განხორციელებას არ გეგმავს, უარგუმენტოა. კერძოდ, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, რაც ამ შეხვედრაზე განვიხილეთ, რაიმე ტიპის მყარი არგუმენტი მათ არ წარმოუდგენიათ. განვიხილეთ ვენეციის კომისიის დასკვნა და რეკომენდაცია, რომელიც ამ საარჩევნო კანონმდებლობას შეეხებოდა, ასევე - ევროკომისიის მიდგომა, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ან მიიღეთ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, ან ახსენით, რატომ არ იღებთო. საუბარი ეხება ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესს. ჩვენ გვაქვს მყარი დასაბუთება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უნდა შეიცვალოს ეს წესი - იმიტომ, რომ მდგომარეობა ჩიხში არ შევიდეს და 6-6 თვით არჩეული ცესკოს თავმჯდომარე არ გვყავდეს. ამ წესის ცვლილებასთან დაკავშირებით ოპოზიციას არანაირი არგუმენტი არ გააჩნია. ჩვენ ვეყრდნობით ევროპის საუკეთესო გამოცდილებას. ვენეციის კომისია თავის მხრივ აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება და რეკომენდაცია მხოლოდ იმ ფაქტზე დაყრდნობით მიიღო, რომ მსგავსი ჩანაწერი იყო ე.წ. 19 აპრილის შეთანხმებაში, რომელიც, რეალურად, შეთანხმება არ ყოფილა. ანუ, თავიდან ამას არ ეთანხმებოდა მთავარი ოპოზიციური პარტია, „ნაცმოძრაობა“, ხოლო შემდეგ შეთანხმებიდან გამოვიდა „ქართული ოცნებაც“. ანუ, მიგვითითებენ ისეთ შეთანხმებაზე, რომელიც არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიზიარებთ წამყვანი, ევროპული ქვეყნების გამოცდილებას და სწორედ მათი პრაქტიკის დამკვიდრებას ვაპირებთ ჩვენს სინამდვილეში. ამასთან დაკავშირებით ევროკომისიას საწინააღმდეგო მოსაზრება არ აქვს, ხოლო რა მოსაზრება აქვს ოპოზიციას, არგუმენტირებულად არ აჟღერებენ, უბრალოდ, ჯიუტად იმეორებენ, რომ არ უნდათ. იგივე ხდება მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებითაც“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.