logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა
- +

13 სექტემბერი. 2016. 17:20



„ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. პროგრამის ძირითადი ასპექტები ამომრჩეველს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარუდგინა:


„მოგესალმებით, მინდა, ეკონომიკის სექტორით დავიწყო. შევეხო უმთავრეს მიმართულებებს, რომელიც თვისობრივად, ხარისხობრივად და ფიზიკურად შეცვლის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. ეს მიღწევადია. ამის განხორციელებას ვიწყებთ არჩევნების მეორე დღიდან. საწყისი ნაბიჯები უკვე გადადგმულია. ეს ოთხპუნქტიანი გეგმაა, რომლის საფუძველიც გასული 4 წლის განმავლობაში შეიქმნა. ამ უმოკლეს დროში ჩვენ მოვახდინეთ მნიშვნელოვანი გარდატეხა ქვეყნის ცხოვრებაში.


ბიზნესი წნეხისგან განთავისუფლდა, დაცულია საკუთრების უფლება, მრავალრიცხოვანი სახელმწიფო პროგრამებით განვითარდა მეწარმეობა, რომელიც სტრატეგიულია და მოიტანს მნიშვნელოვან ცვლილებებს. ამ საფუძველს ეყრდნობა ჩვენი ოთხპუნქტიანი გეგმა, რომლის სწრაფი განხორციელებაც მოიტანს ნამდვილ ეკონომიკურ გარღვევას. ოთხი წლის თავზე ჩვენ მივიღებთ სრულიად განსხვავებულ ქვეყანას. „ქართული ოცნების" პროგრამა, უპირველეს ყოვლისა, მეწარმეობისა და ბიზნესის განვითარებას ეხება. მეწარმეობის განვითარება, კერძო ინიციატივის წახალისება გახლავთ ჩვენი გეგმის ქვაკუთხედი. ეს ეხება ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებასა და მოდერნიზაციას და ეფექტური მმართველობის დამკვიდრებას საქართველოში. თითოეულ პუნქტს მოკლედ შევეხები:



ეკონომიკა


დავიწყებ სამეწარმეო სულისკვეთების განვითარებით - ახალი საგადასახადო მოდელი, რომელიც პარლამენტის მიერ უკვე დამტკიცებულია და მომავალი წლის 1-ლი იანვრიდან ძალაში შევა. ძირითადი ცვლილება ეხება მოგების გადასახადის გაუქმებას. მოგების გადასახადის გაუქმების ხარჯზე წლიურად, დამატებით ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ჩაიდება ქართულ ეკონომიკაში. რატომ გადავდგით ეს ნაბიჯი, რატომ მიგვაჩნია, რომ შემოსავლების მოკლება სჯობს, ვიდრე გრძელვადიან პერსპექტივაში ამ სერიოზული პოტენციალის დაკარგვა. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს გარშემო არცთუ ისე სახარბიელო ეკონომიკური სიტუაციაა. ჩვენი ქვეყნის განვითარება უცხოური, პირდაპირი ინვესტიციების შემოდინებაზეა დამოკიდებული, საგადასახადო კანონმდებლობის ლიბერალიზაციით ათასობით ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.


უნდა განვავითაროთ და დავხვეწოთ მეწარმეობის ხელშემწყობი პროგრამები - „აწარმოე საქართველოში", რომლითაც ადგილობრივი სამეწარმეო პოტენციალი განვითარდა. სოფლის მეურნეობის განვითარების მრავალრიცხოვანი პროგრამები არის დამწყები ბიზნესის დაფინანსების მექანიზმები, რომელიც ჩვენ უკვე შევქმენით „სტარტაფ ჯორჯიას" ფონდის სახით. ამ დღეების განმავლობაში გვქონდა 2 დაჯილდოება, პირველი - მაღალტექნოლოგიური დამწყები ბიზნესების დაჯილდოება-დაფინანსება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან 12 საერთაშორისო ექსპერტი ჩამოვიყვანეთ, ამ ექსპერტების მეშვეობით 20 ახალი მაღალტექნოლოგიური დამწყები კომპანია დავაჯილდოეთ, რომლებიც თვისობრივად ახალ ეკონომიკურ მიმართულებას შექმნიან. საპარტნიორო ფონდის მონაწილეობით 32 ახალი ინოვაციური იდეაც დავაჯილდოვეთ. შესაძლოა, ნაწილი ამ იდეებისა ვერ განხორციელდეს, მაგრამ ის მცირედი ნაწილი, რომელიც გაამართლებს, ასმაგ, ათასმაგ ეფექტს მოგვცემს. ეს მსოფლიო გამოცდილებაა. ჩვენ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებით ვიხელმძღვანელეთ.


კიდევ ერთი სიახლე - ერთიანი მომსახურების ცენტრის, „ბიზნეს ჰაუსის" გახსნის იდეაა. ყველა სახელმწიფო სერვისის ერთი ელექტრონული პლატფორმით მიწოდება. ამ იდეას საფუძველი სწორედ დღეს ჩაეყარა. სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესების კუთხით ეს რევოლუციური ცვლილებაა. ყველა არსებული სერვისის მიწოდება, რომელსაც დღეს კერძო სექტორს სხვადასხვა სახელმწიფო სააგენტოები და სამინისტროები აწვდიან, ერთი ფანჯრის პრინციპით გახდება შესაძლებელი. შედეგად მომსახურების დრო და ხარჯები შემცირდება.


უკვე გადაწყვეტილი გვაქვს ეკონომიკური დანაშაულის ლიბერალიზაცია, წინასწარი პატიმრობის ზომის გამოყენების ლიმიტიზაცია, ეკონომიკურ დანაშაულზე მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იქნება წინასწარი პატიმრობა გამოყენებული. მოგეხსენებათ, ეს ზომა წარსულში საქართველოში ხშირად პოლიტიკური მიზნისთვის გამოიყენებოდა. ეს ჩვენთვის უცხოა და ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეკონომიკურ დანაშაულზე მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში იქნას გამოყენებული ეს ზომა.



ინფრასტრუქტურა


განსაკუთრებულად მინდა მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შევეხო, რომელიც საქართველოს ეკონომიკური განვითარების კუთხით თვისობრივ ცვლილებას მოიტანს. ოთხი წლის განმავლობაში ყველა ჩქაროსნული მაგისტრალი დასრულდება. აღმოსავლეთის, დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, სარფიდან წითელ ხიდამდე, ასევე, სადახლომდე, დასრულდება აზერბაიჯანთან და სომხეთთან დამაკავშირებელი ავტობანი. მცხეთიდან ლარსის მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტის ფართო მაგისტრალი დაიგება. რა თქმა უნდა, გვირაბების გამოყენებით. ეს გზა  ბუნებრივი, კატასტროფის ზონებს მაქსიმალურად იქნება აცილებული. აშენდება თბილისიდან ლაგოდეხის მიმართულებით მიმავალი ავტობანი, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანს დააკავშირებს და ერთ-ერთ მთავარ სატრანზიტო მაგისტრალად იქცევა. დასრულდება ქუთაისის დამაკავშირებელი გზები ჩრდილოეთ და სამხრეთ საქართველოს მიმართულებით. ქუთაისზე განსაკუთრებით შევჩერდები. ვფიქრობ, ქუთაისს აქვს გამორჩეული პოტენციალი და ეს პოტენციალი ამ 4 წელიწადში მნიშვნელოვნად გაიხსნება. ვგულისხმობ რეგიონულ და სასოფლო გზების და მთავარ ტურისტულ მიმართულებებთან დამაკავშირებელი გზების სრულ რეაბილიტაციას. შედეგად, ეკონომიკურ გარღვევას მივიღებთ. ერთი მხრივ, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის, მეორე მხრივ, ტურიზმის განვითარების, მესამე მხრივ, მთიან რეგიონებში მოსახლეობის დამაგრების თვალსაზრისით. ასევე, ვგეგმავთ მთიანი რეგიონების დამაკავშირებელი გზების მშენებლობას. ეს იქნება აღმოსავლეთ-დასავლეთის მთიანი რეგიონების დამაკავშირებელი გზები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებს მთაში მოსახლეობის დამაგრებისა და ეკონომიკის განვითარებისათვის. მოგახსენებთ, უკვე მივიღეთ მთის კანონი, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი შვება მოუტანა საქართველოს მოსახლეობას მთაში. ამ ახალი კანონის მიხედვით, პირველი სექტემბრიდან უკვე დაწყებულია ახალი სახელფასო განაკვეთების დათვლა პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის, ექთნებისთვის და კერძო სამართლის სუბიექტებისთვის.


ტრანზიტი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა ჩვენი ქვეყნის, აბრეშუმის გზის პოტენციალის სრულად განხორციელებისთვის. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ და დღეს უკვე შესაძლებელია პირდაპირი მატარებლის მოძრაობა ჩინეთიდან საქართველოში. აქვე გავამახვილებ ყურადღებას ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე და სხვა სარკინიგზო მაგისტრალებზე, რომლებიც საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას თვისობრივად შეცვლის.


აუცილებლად უნდა ვახსენო ანაკლიას პორტი, რომლის მშენებლობაც წელს უკვე დაიწყება. მშენებლობის პირველი ფაზა სამ წელიწადში დასრულდება. შედეგად 500 ათასი ერთეულით გაიზრდება საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი, რაც საქართველოში პირდაპირ პროპორციულად არის დაკავშირებული სამუშაო ადგილების შექმნასთან.



ინტერნეტიზაცია


ინტერნეტიზაცია - ეს პროექტი მართლაც რევოლუციურია, 2000 დასახლებულ პუნქტში იქნება გაყვანილი მაღალსიჩქარიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი. რაც, უპირველეს ყოვლისა, განათლების განვითარებისთვისაა მნიშვნელოვანი. მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ტელეხიდების მეშვეობით შესაძლებელი გახდება საუკეთესო გაკვეთილების ჩატარება სოფლად სკოლებში. ეს იქნება ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის განათლების დონეს და საფუძველს ჩაუყრის განათლებული ახალი თაობის მომზადებას თანამედროვე მოთხოვნებისთვის.



სოფლის მეურნეობა


აგროპოლიტიკა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული და სწორედ ამიტომ გააკეთა განსაკუთრებული აქცენტი ჩვენმა მთავრობამ ბოლო წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობაზე. ეს იყო მცირემიწიან ფერმერთა დახმარება, შეღავათიანი აგროკრედიტები, მრავალწლიანი კრედიტები ნარგავების გაშენებისათვის, პროგრამა „დანერგე მომავალი". სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების დახმარების პროგრამა. ყველა ეს პროგრამა გაგრძელდება, გაფართოვდება და ჩვენ, ასევე ვგეგმავთ ირიგაციის პროექტების მნიშვნელოვან გააქტიურებას. 4 წლის განმავლობაში ორჯერ მეტი ფართობის გასარწყავიანება მოხდება. ეს არის 50 ათასი ბენეფიციარი აგროდაზღვევაში და ეს არის სამჯერ მეტი - 5 ათასი კოოპერატივი ჯამში. განსაკუთრებით მინდა, ხაზი გავუსვა კოოპერატივების მნიშვნელობას, ვინაიდან ეს არის გზა, რომელიც იძლევა ეკონომიას სოფლის მეურნეობაში, ანუ თანამედროვე სტანდარტების სასოფლო-სამეურნეო წარმოებების შექმნის შესაძლებლობას. ისე რომ გლეხი, მცირე ფერმერი არ კარგავს საკუთრებას საკუთარ მიწაზე. ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, მსხვილი საწარმოების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, თუმცა პრიორიტეტად ვაცხადებთ კოოპერაციას. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში სოფლის სტრუქტურაა ასეთი, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში განსაკუთრებით მგრძნობიარეა სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების საკითხი. ჩვენ გვინდა, არსებულ მესაკუთრეებს დავუტოვოთ მათი საკუთრება და ასე შევქმნათ თანამედროვე ტექნოლოგიების კოოპერაციული საწარმოები, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნება არა მარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო მასშტაბით.



ტურიზმი


ტურიზმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სფეროა ჩვენი ეკონომიკის. არც ერთ სფეროში არ იქმნება იმდენი სამუშაო ადგილი, რამდენიც ტურიზმის სფეროში. 8 თვის მონაცემებით, ტურიზმის 17%-იანი ზრდა გვაქვს და თითოეული შემოსული ტურისტი არის ახალი სამუშაო ადგილი. ჩვენ გვაქვს პროგრამა „უმასპინძლე საქართველოში", რომელიც მცირე საწარმოების ქსელების შექმნასა და ამ მიმართულებით ინვესტიციებს ახალისებს. ეს ნიშნავს სუბსიდირებულ სესხებს ახალი მცირე სასტუმროებისთვის და ეს ნიშნავს საოჯახო სასტუმროებისთვის შეღავათიან და გრძელვადიან სესხებს. რაც ერთი მხრივ ტურისტულ ინფრასტრუქტურას ავითარებს, მეორე მხრივ, ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის, ზრდის შემოსავალს რეგიონში. ტურიზმის მიმართულებით განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნას. ჩვენ დაწყებული გვაქვს მასშტაბური პროექტები. ეს არის გუდაურის, ბაკურიანის, თეთნულდისა და გოდერძის მიმართულებით. ჩვენ შევქმენით სამთო ტურიზმის განვითარების სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც უახლოეს მომავალში დეტალურად გაგაცნობთ. პროგრამა ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიტანს დასაქმების მიმართულებით მთიან რეგიონებში. 2017 წელს უკვე დავიწყებთ კობი-გუდაურის საბაგირო გზის მშენებლობას, რაც სტეფანწმინდას 12-თვიან კურორტად გადააქცევს. ჩვენ ვგეგმავთ ბაკურიანში მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს. უკვე დაწყებული გვაქვს 100 მლ პროექტი - ეს არის კოხტა-მიტარბის განვითარების პროექტი, რომელსაც კერძო სექტორთან ერთად ვახორციელებთ და, ასევე, ვგეგმავთ ბიატლონის ოლიმპიური ტრასის დაპროექტებას წლის ბოლომდე და მომავალ წელს დავიწყებთ მშენებლობას. ვგეგმავთ სატრამპლინო სპორტის აღდგენას და აუცილებლად ჰოკეის მოედნის აშენებას. ამ ყველაფერს მოჰყვება გასართობი ცენტრები, რაც 12 თვის განმავლობაში ბაკურიანსა და მთლიანად საქართველოში მთის კურორტების მიმართულებას ძალიან პოპულარულად აქცევს.



გარემო დაცვა


გარემოს დაცვა ჩვენი ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანესი ასპექტია. გარემოს დაცვის სამინისტროს მომზადებული აქვს თვისობრივად ახალი საკანონმდებლო ბაზა, რომელსაც მთავრობა უახლოეს დღეებში განიხილავს. პროექტი პარლამენტში შევა ახალი საკანონმდებლო ორგანოს შეკრებისთანავე. ეს არის ჩვენი მომავალი თაობის წინაშე ჩვენი პასუხისმგებლობის საკითხი. ჩვენ ამას ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით. კიდევ უფრო გამკაცრდება ზომები ხე-ტყის უკანონო ჭრაზე და შეიქმნება მწვანე ზონები, როგორც თბილისში, ასევე რეგიონში, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მომავალ თაობას ჰქონდეს ჯანსაღი გარემო, იმისთვის, რომ ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი და დავლიოთ სუფთა წყალი.



საპენსიო რეფორმა

 

 მნიშვნელოვანი პროექტია „ცხოვრება გრძელდება" - საპენსიო ასაკის მქონე ადამიანების დასაქმება. დაგროვებითი საპენსიო სისტემის შექმნა საქართველოში. ეს არ იქნება ხვალ, მაგრამ საფუძველი უნდა ჩავყაროთ დღეს, იმისთვის, რომ 10 წელიწადში მთავრობის წინაშე ისევ არ იდგას მუდმივად პენსიების ზრდის პრობლემა და ეს არ გახდეს ისევ და ისევ პოლიტიკური სპეკულაციების მიზეზი. რა თქმა უნდა, არსებულ პენსიონერებს აუცილებლად უნდა გაეზარდოთ პენსია და მე შეგნებულად არ ვასახელებ ციფრებს. მე ვფიქრობ, რომ არ არის პასუხისმგებლიანი მიდგომა დღეს ისეთი ციფრების დასახელება, რომლის გადახდაც საქართველოს ბიუჯეტს არ შეუძლია. ერთ პირობას ვდებ - საქართველოს ეკონომიკის განვითარების ფეხდაფეხ მოხდება პენსიის ცვლილება და ამას ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდებით.


ყველაფერი, რაც მე ჩამოვთვალე, მეგობრებო, 4 წლის თავზე მოიტანს თვისობრივად, ფიზიკურად, ხარისხობრივად სხვა საქართველოს, მოიტანს მინიმუმ დამატებით 200 ათას სამუშაო ადგილს, რაც ნიშნავს დღევანდელი უმუშევრობის მინიმუმ 40 %-ით შემცირებას. ეს არის ის კონსერვატიული ციფრები, რომელიც შესაძლოა, რეალურად მეტი იყოს, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენს მოსახლეობას უნდა დავპირდეთ იმას, რისი შესრულების საფრთხეც არ არსებობს. ეს არის ჩვენი მიდგომა და ეს არის ჩვენი ძალიან საინტერესო გეგმები, რომლის მონაწილე ყველა თქვენგანი გახდება და რომლის მხილველიც ყველა თქვენგანი იქნება მომავალი ოთხი წლის განმავლობაში.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner