„გვარამიას „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯვნა ისეთივე დაუჯერებელია, როგორც ვინმემ რომ თქვას, მზე დასავლეთიდან ამოვიდა და არა აღმოსავლეთიდანო“, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ ნიკა გვარამიას განცხადებას, სადაც გვარამია ამბობს: „ზოგადად, ჩემს პოლიტიკურ გეგმაზე კონსულტაციებს მეგობრებთან გავდივარ, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც მეგობრები სხვა პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ, არ მგონია, მთლად კორექტული იყოს. გავცვალეთ პოზიციები, მისი დამოკიდებულება ჩემი გეგმების მიმართ და ჩემი დამოკიდებულება მისი გეგმების მიმართ“.
მაჭარაშვილის თქმით, გვარამია და სააკაშვილი ერთსა და იმავე პლატფორმაზე არიან.
„გვარამიამ დაახლოებით ასეთი რამ შესთავაზა საზოგადოებას – ჩემ მიერ ჩამოხრჩობა გირჩევნიათ თუ სააკაშვილის მიერ დახვრეტაო. ანუ, საზოგადოებას ეუბნებიან, ყველა შემთხვევაში მოკვდებითო, მაგრამ ფორმები გვაქვს სხვადასხვა, ერთი მედლის ორი მხარე ვართო. სააკაშვილი დაგხვრეტთ, მე ჩამოგახრჩობთო და რომელი გირჩევნიათო – ეს შესთავაზა საზოგადოებას. გვარამია-სააკაშვილი ერთი ტანდემი რომ არის და ერთსა და იმავე პლატფორმაზე არიან, ეს იციან მათივე მომხრეებმა და ამიტომ არ გამოუვათ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.