logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტი საქართველოს მთავრობის ახალ შემადგენლობას მომავალ კვირაში დაამტკიცებს
- +

30 იანვარი. 2024. 14:16

 

 

„ჩვენი მიზანია, მომავალ კვირას დავამტკიცოთ მთავრობის შემადგენლობა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

 

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მთავრობის დამტკიცების რამდენიმედღიანი პროცედურაა, სამთავრობო პროგრამის განხილვა ჯერ კომიტეტებში ხდება, შემდეგ – პლენარულ სხდომაზე.

 

„განხილვა რამდენიმე დღეზე გადანაწილდება. ჩვენი მიზანია, მომავალ კვირას დავამტკიცოთ მთავრობის შემადგენლობა. სალომე ზურაბიშვილის გამოსვლაც იქნება, რადგან, რეგლამენტით, საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს არის მისი მიმართვა. ყველა ეს პროცესი მომავალ კვირაში დასრულდება. ჩემს ყოველწლიური ანგარიშს თებერვლის მომავალ სასესიო კვირაში წარვადგენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

მისივე თქმით, მომავალ კვირაში გაიმართება ბიუროს სხდომა, სადაც მთავრობის მოსმენის გრაფიკი დამტკიცდება, შემდეგ რამდენიმე დღე კომიტეტებში იქნება განხილვა, შემდეგ – ოპოზიციასთან და ბოლოს საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა.

 

„გეგმაა, რომ მთავრობა მომავალ სასესიო კვირაში დამტკიცდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს. მისივე თქმით, პოლიტსაბჭოსგან მიიღო შეთავაზება, დაიკავოს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა და ამასთან დაკავშირებით ყრილობა გაიმართება პირველ თებერვალს.

 

პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი კი პირველ თებერვალს „ქართული ოცნების“ ყრილობაზე დასახელდება. ამასთან, პარტიაში ადასტურებენ, რომ ამ თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner