„სამი წლის განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილმა დაამტკიცა, რომ ის არის ძალიან ეფექტიანი ხელმძღვანელი აღმასრულებელი ხელისუფლების“, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზები და საფუძვლები გუშინ ახსნა.
„ბოლო სამი წლის განმავლობაში მისი პრემიერობით, საქართველომ უპრეცედენტო პოლიტიკურ და ეკონომიკურ შედეგებს მიაღწია. ჩვენ გავხდით სტატუსის მქონე ქვეყანა და გვაქვს ეკონომიკური ზრდა, რითაც კანდიდატ ქვეყნებს შორის ვართ ლიდერი და ამ თვალსაზრისით სამომავლოდ კარგი პერსპექტივაა. სამი წლის განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილმა დაამტკიცა, რომ ის არის ძალიან ეფექტიანი ხელმძღვანელი აღმასრულებელი ხელისუფლების. მან ისაუბრა იმაზე, რომ წელს მნიშვნელოვანი წელია და „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებზე უნდა გავიდეს ყველაზე უფრო ძლიერად, რათა დამაჯერებელი შედეგები ჰქონდეს, რადგან ეს არჩევნები იქნება კიდევ ერთი პრინციპული დადასტურება ქართველი ხალხის მიმართ, რომ ისინი მხარს უჭერენ ქვეყნის მშვიდ, სტაბილურ განვითარებას და არა არეულობას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს. მისივე თქმით, პოლიტსაბჭოსგან მიიღო შეთავაზება, დაიკავოს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა და ამასთან დაკავშირებით ყრილობა გაიმართება პირველ თებერვალს.
პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი კი პირველ თებერვალს „ქართული ოცნების“ ყრილობაზე დასახელდება. ამასთან, პარტიაში ადასტურებენ, რომ ამ თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.