პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო როდესაც თანამდებობიდან ახლა გადადგა, რადგან უფრო გაუადვილდება წინასაარჩევნოდ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობა.
როგორც ვოლსკიმ „ქრონიკასთან“ საუბარში აღნიშნა, ორ უმნიშვნელოვანეს ფლანგზე ხელმძღვანელების შეცვლა ახალ იმპულსს ნიშნავს.
„პარტიის ლიდერისა და მთავრობის ხელმძღვანელს შორის თანამშრომლობა მუდმივი იყო, ყოველდღიური და საშინაო-საგარეო საკითხებთან დაკავშირებით არაფერი ისე არ წყდებოდა, რომ ამ ორ პიროვნებას და მათ უკან მდგომ სტრუქტურებს ერთმანეთთან წინასწარი კონსულტაციები. როდესაც ორ უმნიშვნელოვანეს ფლანგზე ხელმძღვანელები იცვლებიან, რასაკვირველია, ეს ნიშნავს ახალ იმპულსს, ახალ ენერგიას. ირაკლი ღარიბაშვილს ნამდვილად უნდა დაუფასდეს ყველაფერი ის, რაც გააკეთა. იფიქრა, რომ არჩევნების წინ სჯობს მალე შევიდეს პარტიის ხელმძღვანელობის მენეჯმენტის საკითხებთან. გადაწყვეტილება რასაკვირველია, სწორია“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ღარიბაშვილი პრემიერი მეორედ 2021 წელს გახდა. მანამდე ის მთავრობის მეთაურის თანამდებობას 2013-2015 წლებში იკავებდა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.