ავტორი გიორგი მამაცაშვილი
დღეს, როცა მთელი გნიასია ატეხილი ღარიბაშვილის გადადგომაზე და კობახიძის შესაძლო გაპრემიერებაზე, - ვფიქრობ, რითი დავიწყო წერა.
არც ვინმეს გადადგომაა უცხო ჩვენი ხალხისთვის და არც ვინმეს დანიშვნა ნებისმიერ თანამდებობაზე.
მითუფრო, როცა ბიძინა ივანიშვილის მაგალითი წინ გვაქვს.
როდესაც გამარჯვებული პოლიტიკური პარტიის ლიდერი გამარჯვებიდან ერთი წლის თავზე გადადგა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.
არც იმ ავ და ბოროტ ენებს მინდა ავყვე, ორი ადამიანის დაპირისპირება რომ გამოიგონეს და ამ ეგრეთ წოდებულ ქიშპობაზე ატეხილი ვაი-ვიშით რომ უნდათ ქულების დაწერა.
არც ბრმა ვარ, რამეს ვერ ვხედავდე.
და არც სულელი, მერაბიშვილის ხელისბიჭების მიერ შეთხზულ თეორიებზე პასუხის გაცემით დრო დაგაკარგინოთ, ჩემო ძვირფასებო.
***
თან ვფიქრობ.
არცერთი თანამდებობა არაა მარადიული.
რა მნიშვნელობა აქვს, როგორ და რა სტატუსით დგახარ საკუთარი ქვეყნის სადარაჯოზე.
მთავარია, სამშობლოს რიგით ჯარისკაცად გამოადგე და დანარჩენი ლირიკაა.
ხან ახვალ, ხან დაბლა მოგინდება ჩასვლა.
მერე რა?!
მერე რა, თუ ერთი წავა და სხვა მოვა?
ან იგივე მეორედ ან მესამედ დაბრუნდება, თუ ქვეყანას დასჭირდება?
გნებავთ, - მეხუთედ...
გინდათ, როტაცია დაარქვით ამას და გნებავთ, ახალი სუნთქვა...
რა იცვლება, თუ სამშობლოს სიყვარული უდევს საფუძვლად ნებისმიერ მსგავს ნაბიჯს?
არც არაფერი...
***
ჰოდა, ვფიქრობ, რითი დავიწყო წერა.
ირაკლი ღარიბაშვილის წარმატებების ჩამოთვლით თუ ირაკლი კობახიძის სტრატეგიული გათვლების წარმატებული ფინალით?!
ირაკლი ღარიბაშვილის ეროვნული, კონსერვატიული, ქართული(!) სიტყვით აღსავსე გამოსვლებიდან ციტირებით თუ ირაკლი კობახიძის მიერ არაერთგზის გაცხადებული სიმართლის და ნაცებისთვის პირში მიხლილი ჭეშმარიტების შეხსენებით?!
ფაქტია, ორივე ირაკლის ხსენებაზე მასხარა ხაბეიშვილის ფანებს და სადისტი მეგისქარდავას მოკუნტრუშე თაყვანისმცემლებს კანტუზია ეწყებათ და ისიც ფაქტია, რომ ღარიბაშვილის პრემიერობის დროს დაპატიმრებულ ჯალათ სააკაშვილს არც კობახიძის პრემიერობის დროს ელის ია-ვარდით მოფენილ ხალიჩაზე სიარული.
***
დიახ, ესეც ფაქტია და გვერდს ვერ ავუვლით:
საქართველომ ვიზა-ლიბერალიზაცია მიიღო ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს.
ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერა ოქროს ასოებით ჩაიწერა ისტორიაში, როცა ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს მივიღეთ რეკომენდაცია ევროკავშირის სტატუსზე.
ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს ყველა უცხოელმა პარტნიორმა ნათლად გააცნობიერა, რომ ქართველი ერის ნება არის უმთავრესი და უპირველესი ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას და არა ხროვად შეკრებილი ჯალათების ახირება!
ირაკლი კობახიძის მიერ გაჟღერებულმა სიმართლემ არაერთგზის „მოჭრა“ ყური ნაცსექტას.
სწორედ ირაკლი კობახიძემ მოუგო საკონსტიტუციო სასამართლოში დავა საქართველოს პრეზიდენტს და აწ უკვე ჯალათი სააკაშვილის სექტის პირუთვნელ ადვოკატს სალომე ზურაბიშვილს.
ირაკლი კობახიძემ თაღლითი ხაზარაძის პარტნიორი კვირიკაშვილისა და ხუხაშვილის რჩეული მაზაკვალი გახარიას მიერ დაქუცმაცებულ პარტიას ახლებური სუნთქვა შესძინა და ბოლო წლებში ჩატარებული რამდენიმე არჩევნების გამარჯვებაში სწორედ მისი დიდი წვლილია.
კიდევ ბევრი რამ უკავშირდება ირაკლის სახელს.
ღარიბაშვილსაც და კობახიძესაც.
***
დიახ, ბოლო წლებში, თუკი რამ მოხდა დადებითი საპარლამენტო და სამთავრობო უწყებათა მუშაობით, უპირველესად ღარიბაშვილისა და კობახიძის დამსახურებაა.
და რაღა თქმა უნდა, იმ ადამიანების დამსახურებაა, ბეწვის ხიდზე, დაუსრულებელი შანტაჟისა და ბულინგის ფონზე რომ უწევდათ მუშაობა მთელი ამ წლების განმავლობაში.
ყველამ თანაბრად გაუძლო არნახულ ბულინგს ვითომმედიისა და აჟიტირებული, ე.წ. ოპოზიციონერების მხრიდან.
დიახ, მამუკა ხაზარაძის, თემურ ალასანიას, მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის ჯიბის ჟურნალისტები არც ღარიბაშვილის შვილებს ინდობდნენ და არც კობახიძის ოჯახის მიმართ გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული სიყვარულით.
***
არაერთგზის მითქვამს, უმადურობა ცუდი მეგობარია-მეთქი და ახლაც იმავე აზრზე ვარ.
დიახ, რაც ამ წლების განმავლობაში შეძლო ირაკლი ღარიბაშვილმა, ბევრი ნამდვილად ვერ შეძლებდა.
***
დიახ, გადადგა პრემიერი და ავტომატურად, გადადგა მთავრობაც.
არა აქვს მნიშვნელობა, ვინ რა პოზიციაზე იქნება ხვალ, ან იქნება თუ არა საერთოდ სადმე, - მადლობა დამსახურებულად ეკუთვნის მთელ გუნდს.
***
დიახ, მადლობა ეკუთვნის თითოეულ იმ ადამიანს, რომლებმაც ენერგია არ დაიშურეს, აგურს აგური დაადეს და საქართველო სწორედ ერთიანი ძალისხმევით იხსნეს პროვოკაციულ ომში ჩათრევისგან, არ დაუშვეს მეორე ფრონტის გახსნა და რუსეთ-უკრაინის ომში მსხვერპლშეწირვის ჰარაკირი არ ჩაუტარეს ჩვენს ქვეყანას.
დიახ, მადლობა თითოეულ მათგანს - სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტით დაწყებული და პრემიერის ადმინისტრაციით დამთავრებული.
მინისტრებით დაწყებული და რიგითი სპეციალისტებით დამთავრებული.
დიახ, მადლობა რუტინული შრომისთვის, თეთრად გათენებული ღამეებისთვის, არნახული ლანძღვისა და აღვირახსნილი შეურაცხყოფების მოთმენისთვის!
დიახ, მადლობა და არავითარი „მაშასადამე“!
***
ერთი კია:
ორივე ირაკლის რუტინული სამუშაო ელის წინ.
ერთს მთავრობაში და მეორეს - პარტიაში.
არჩევნებიც მოახლოებულია და უმადურთა არმიაც იმატებს და დაკლებით ნამდვილად არ იკლებს.
თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ სამწუხაროდ და სავალალოდ, დღეს ნამდვილი ოპოზიცია სანთლითაა საძებარი და თუ „პატრიოტთა ალიანსს“ არ ჩავთვლით, ოპოზიციური ნიში ცარიელია.
დიახ, ოპოზიციის ნაცვლად სახეზეა თავზეხელაღებულთა ბანდა - სიბინძურეების შეთხზვითა და გავრცელებით დაკავებული ვითომჟურნალისტთა არმია, მასხარებისა და „კლოუნების“ თავშესაფრად ქცეული „ნაცმოძრაობა“, წიწვოვან მცენარეთა სახელით შემკული „დაბოლილ“ „პოლიტიკოსთა“ ერთობა, თაღლითბანკირთა და მილიონის შოვნის მსურველთა სექტა, მაზაკვალების, ვიგინდარებისა და ყველა ბანაკში ერთი ადგილის მოთამაშეთა გილდია...
ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
კოლექტიურ „ანიწითლიძეებად“ და „ჟუნიორვაშაძეებად“ არიან ქცეულნი და ესენი, უსირცხვილოდ, მაინც აძლევენ თავს უფლებას, ხალხს ბიძინა ივანიშვილზე, ირაკლი ღარიბაშვილზე და ირაკლი კობახიძეზე ეღლიცინონ.
არაფერია.
„იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის“.
„წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან“.
„აღდგომა და ხვალეო“.
მარა, „მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო“ და ააფრინონ ალალი, თუ უნდათ.
შემოდგომაც მალე მოვა.
არჩევნების შედეგებსაც დაითვლიან და მარტივად დაასკვნიან - "ააფრინე ალალიო, რაც არ არი, არ არიო..."
***
ამ წერილს დართული ფოტო კი, ალბათ, სიმბოლურიცაა დღევანდელ დღეს...
და ბევრისმთქმელიცაა დიდი კაცის, გიზო ნიშნიანიძის სტრიქონებიც:
„გათითოკაცება გვაოხერტიალებს,
ვიცი ამ ცხოვრების მე ავან-ჩავანი.
რაცა გვყოფს კი არა, რაც გვაერთიანებს -
ეს არის, ეს არის, ეს არის მთავარი!
თუ ასე არ ფიქრობ, ძალიანაც ცდები!
ცუდად გამსარჯე და მრუდად გაისარჯე,
შენი გამარჯვებით მე არ დავმარცხდები,
ჩემი დამარცხებით შენ ვერ გაიმარჯვებ“.
P.S.
ნაცებო და ნაცმაცუნებო, მთელი ქვეყნისა, შეერთდით!
შეერთდით და ამ ფოტოს შემხედვარე - „გასკდით“ გულზე...