ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და „ ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან კობიაშვილმა „კვირის პალიტრასთან" საუბრისას აღნიშნა, რომ ფეხბურთის ფედერაციაში მისვლის პირველი წელი დაძაბული და საინტერესო იყო.
როგორც კობიაშვილმა „კვირის პალიტრას" განუცხადა, საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილებას არასდროს ინანებს.
„ფეხბურთის ფედერაციაში მისვლის პირველი წელი დატვირთული და საინტერესო იყო. იყო დაძაბულობა და გაურკვევლობაც, მაგრამ უკმაყოფილო არ ვარ. ჩემი ოჯახი, რომელიც აქამდე გერმანიაში ცხოვრობდა, უკვე ჩემთან არის. არ დაგიმალავთ, მჭირდება კიდეც მეუღლის და შვილების თანადგომა...
პრეზიდენტად არჩევამდეც ვთქვი, არასდროს ვინანებ, საქართველოში დაბრუნება და არჩევნებში მონაწილეობა რომ გადავწყვიტე-მეთქი. აზრი არც ახლა შემიცვლია და ბედნიერი ვარ, რომ ვაკეთებ საქმეს, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს", - აღნიშნა კობიაშვილმა.
კობიაშვილი ავსტრიასთან გამართულ მატჩსაც შეეხო და აღნიშნა,რომ შედეგით უკმაყოფილოა.
„შედეგით უკმაყოფილო ვარ. ისევე, როგორც ქომაგი, მეც ველოდი, რომ ქულას მაინც მოვიპოვებდით.
პირველ ტაიმში ავსტრიამ აშკარად გვაჯობა და ჩვენი შეცდომების შედეგად ორი ბურთი გაიტანა. მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრები უკეთ გამოიყურებოდა, ერთი ბურთის გატანაც შევძელით, მაგრამ მაინც დავმარცხდით. გასათვალისწინებელია, რომ მოვისაკლისეთ ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეები, რამდენიმე ფეხბურთელი კი, მოსამზადებელი პერიოდის გაცდენის გამო, სათანადო ფორმაში არ იყო", - აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.