ნაფიცმა მსაჯულებმა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში განიხილეს საქმე რომელიც გენდერის ნიშნით ოჯახურ ძალადობას, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის სისტემატურ ცემას, მუქარას, იძულებას, სასამართლოს უპატივცემულობას შეეხებოდა და აღნიშნულ დანაშაულებში ბრალდებული დამნაშავედ ცნეს.
სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებული გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატიურად სცემდა მეუღლეს, მათ შორის მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით. ასევე დაზარალებულს უკრძალავდა ნათესავებთან ურთიერთობას, მისი ნებართვის გარეშე სახლიდან გასვლას, მობილური ტელეფონით სარგებლობას, აკონტროლებდა ტელეფონში მიმოწერებს, შემავალ და გამავალ ზარებს და იმ მოტივით, რომ იყო მამაკაცი, მოითხოვდა მის უსიტყვოდ მორჩილებას. ბრალდებული მეუღლეს ჯანმრთელობის დაზიანებით და სხეულის დამახინჯებით ემუქრებოდა, თუკი ის მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინებდა.
2023 წლის 12 ოქტომბერს, ფოთის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში, ბრალდებულმა სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობის განხილვისას, გამოხატა სასამართლოს უპატივცემულობა და პროკურორს არაერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
სასამართლო პროცესზე პროკურორებმა წარადგინეს მოწმეები და გამოიკვლიეს ექსპერტიზის დასკვნები, წერილობითი დოკუმენტები და ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ამსახველი ვიდეოჩანაწერი.
საქმის გარემოებების დეტალურად შესწავლის შემდეგ ნაფიცმა მსაჯულებმა გაიზიარეს პროკურატურის პოზიცია და ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (გენდერის ნიშნით ოჯახური ძალადობა), 11 პრიმა 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის სისტემატური ცემა გენდერის ნიშნით), 11 პრიმა 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის იძულება), 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ მუქარა გენდერული ნიშნით) და 366-ე მუხლის პირველი ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა) დამნაშავედ ცნეს.