logo_geo
eng_logo
ავთანდილ თალაკვაძე: საქართველოს მთავრობასთან ერთად, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ზრუნვა იმ მოქალაქეებზე, ვისაც სოციალური პრობლემები აქვს
- +

31 იანვარი. 2024. 11:02

 

 

დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე ავთანდილ თალაკვაძემ, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით ახალი პროგრამების შესახებ ისაუბრა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერია დააფინანსებს. 

 

„2024 წელს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით 18 სხვადასხვა პროგრამას დავაფინანსებთ. მერია დაეხმარება ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებს, სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებს, მრავალშვილიან დედებს, სოციალურად შეჭირვებულ ხანდაზმულ ადამიანებს, დედ-მამით ობოლ ბავშვებს და სხვა ბენეფიციარებს. წელს მოხდება ძვირადღირებული კვლევის თანადაფინანსება ონკოლოგიური დაავადების მქონე პირებისათვის - პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია (ე.წ. PET კატე) რომელიც ოქროს სტანდარტად ითვლება, და რომელიც 36% შემთხვევებში ცვლის მკურნალობის ტაქტიკას. მისი საშუალებით ხდება ონკოლოგიური დაავადების გავრცელების არეალის დადგენა და მკურნალობის ეფექტურობის შეფასება. ონკოლოგიური დაავადების მქონე პირებისათვის ძვირადღირებული მედიკამენტის - ზომეტას დაფინანსებაც იწყება. ხოლო, 0-დან 18-წლამდე ბავშვებისათვის საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსებას სახელმწიფო მოახდენს ყველა იმ შემთხვევაში, როცა სათანადო სამედიცინო მომსახურების მიწოდება საქართველოში შეუძლებელია,“- აღნიშნავს თალაკვაძე.

 

მერის თქმით, იზრდება დაფინანსება აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისათვის სათანადო სერვისების მისაწოდებლად - წელს ამ მიზნით ბიუჯეტიდან 45 000 ლარით მეტი დაიხარჯება. ასევე, სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახებისთვის 100%-ით იზრდება პროგრამის დაფინანსება, რაც ხელს შეუწყობს მათ გაძლიერებას. 2024 წლის ახალი სასწავლო წლიდან კი სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები დაწყებითი კლასის მოსწავლეები სასკოლო ნივთების შესაძენად მიიღებენ ვაუჩერს უკვე 100 ლარის ოდენობით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner