logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნება“: ხელი შეეწყობა უცხოეთში ქართული ენისა და ლიტერატურის პოპულარიზაციას
- +

13 სექტემბერი. 2016. 17:31



პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" საარჩევნო პროგრამა წარმოადგინა, რომლის ერთ-ერთი პუნქტი საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვასა და დიასპორასთან მჭიდრო კავშირების განვითარებას ეთმობა. „ქართული ოცნება" ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებას გეგმავს.

 

„მნიშვნელოვანია შემდგომი ნაბიჯების გადადგმა სახელმწიფოსა და დიასპორას შორის ურთიერთობის ინტენსიფიკაციის, სისტემატიზაციისა და არსებული პრობლემების ერთიანი ძალისხმევით მოგვარების მიზნით. დიასპორასთან ურთიერთობაში ჩვენი უმთავრესი ამოცანაა საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაცია და დიასპორაში არსებული საინვესტიციო და ინტელექტუალური რესურსის ქვეყნის განვითარების პროცესში ჩართვა, დიასპორული ინვესტორების მეშვეობით დამატებითი სამუშაო ადგულების შექმნა და ინოვაციების სტიმულირება. კერძოდ:

 

- გაიზრდება უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მათი ოჯახის წევრების ჩართულობა სამეწარმეო და ინოვაციების ხელშემწყობ სამთავრობო („აწარმოე საქართველოში", „დანერგე მომავალი", „იაფი კრედიტი"), თანაინვესტირების („დამწყები ბიზნესის (სტარტაპის) ხელშეწყობა", „მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა") და საგრანტო (რეინტეგრაციის ხელშეწყობა", „დასაქმების ხელშეწყობა") პროგრამებში;

 

- ხელი შეეწყობა უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ღირსეულ დაბრუნებას და უზრუნველყოფილი იქნება „ერთი ფანჯრის" პრინციპზე დაფუძნებული საინფორმაციო-საკონსულტაციო სერვისი;

 

- გაძლიერდება სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისთვის სარეინტეგრაციო სამთავრობო პროგრამა;

 

- გადაიხედება უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სამართლებრივი სტატუსის და მოწმობის გაცემის წესი, მისი საქართველოს მიგრაციის სტრატეგიასთან, სავიზო და საინვესტიციო პოლიტიკასთან თავსებადობის უზრუნველყოფის მიზნით;

 

- ხელი შეეწყობა საზღვარგარეთ საკვირაო სკოლებს, გადამზადდებიან პედაგოგები და შემუშავდება ერთიანი სასწავლო პროგრამა;

 

- განახლდება და განვითარდება ახალგაზრდული პროექტები და საზაფხულო ბანაკები;

 

- ხელი შეეწყობა უცხოეთში ქართული ენისა და ლიტერატურის პოპულარიზაციას და ქართული ენის შემსწავლელი კურსების ქსელის განვითარებას;

 

- შემუშავდება და განხორციელდება ლევილის მამულის, როგორც კულტურულ-ისტორიული ცენტრის, განვითარების სამოქმედო გეგმა;

 

- განისაზღვრება „დიასპორულ ორგანიზაციად" აღიარების კრიტერიუმები, ხელი შეეწყობა დიასპორული ორგანიზაციების სტრუქტურულად გაძლიერებას;

 

- საქართველოდან საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების ლეგალური გადაადგილების პროცედურების გამარტივების მიზნით, გაგრძელდება მუშაობა პარტნიორ ქვეყნებთან ხელსაყრელი საიმიგრაციო რეჟიმების მისაღწევად", - ნათქვამია „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner