„წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, საგზაო სამუშაოები 31 იანვრის საღამომდე დასრულდება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, გამზირზე საავტომობილო მოძრაობა 1 თებერვლიდან ორმხრივად აღდგება.
„დედაქალაქის მოსახლეობას დავპირდით, რომ 31 იანვარს წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოები დასრულდებოდა და 1 თებერვლიდან მოძრაობა ორმხრივად აღდგებოდა. გამზირზე სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს, რაც საღამომდე დასრულდება. პარალელურად, ხორციელდება დასუფთავების სამუშაოები, ხვალიდან კი მოძრაობა ორმხირვად აღდგება. კიდევ ერთი განახლებული გამზირი შეემატა ჩვენს ულამაზეს ქალაქს, რაც რასაკვირველია, ყველას გვახარებს, თუმცა უფრო სწორი და მართებული იქნებოდა მეთქვა, ყველას უნდა გვახარებდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, მსგავსი მასშტაბის პროექტებს გაუთვალისწინებელი სამუშაოები და კონტაქტორი კომპანიების არაკეთილსინდისირება აფერხებს.
„ყველამ კარგად იცის, რას ნიშნავს ყოველი მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტი. ეს გულისხმობს ათეულობით წლის მანძილზე ხელშეუხებელ კომუნიკაციებს, რომლებიც სრულიად ამორტიზებულია, გამოსულია მწყობრიდან. იწყებ სამუშაოებს და დგები კიდევ უფრო მძიმე რეალობის წინაშე, ვიდრე სპეციალისტები ვარაუდობენ. ამას ემატება არაპროფესიონალიზმი და არაკეთილსინდისიერება რიგი კომპანიების მხრიდან, რომლებიც მონაწილეობენ ტენდერებში, ერთვებიან სამუშაოების პროცესში და სრულიად ვერ აცნობიერებენ რამხელა პასუხისმგებლობა გააჩნიათ დედაქალაქის წინაშე. ვერც მე და ვერც ჩვენი თანამშრომლები ვერ ვარჩევთ მსგავს კომპანიებს, ეს ხდება ტენდერის საფუძველზე. მე რომ შემეძლოს რომელიმე კომპანიის შერჩევა, ის პრობლემები არ გვექნებოდა, რაც დღეს იქმნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ფონად გასდევს ოპოზიციის წარმომადგენლების კამპანია მოსახლეობის დეზინფორმაციის მიზნით.
„ის მუდმივი ისტერიკა, პანიკის თესვა, ლანძღვა, ცილისწამება, რაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში წერეთლის გამზირის სამუშაოებს გასდევდა, სხვა არაფერია, თუ არა სიძულვილი საკუთარი ქალაქის და თანაქალაქელების მიმართ. საზოგადოება კარგად ხედავს, 2017 წლიდან რამდენი რამ კეთდება, თუმცა ყოველთვის ფიქსირდება მანიპულაციები, სპეკულაციები. აღმშენებლობას უსამშობლო ადამიანები, ე.წ. პოლიტიკოსები ერთგვარ დანაშაულად აცხადებენ. ამ სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ, თუმცა ბევრია გონიერი ადამიანი, ვისაც უხარია ჩვენი ქალაქის განვითარება. ამ კაკაფონიის ფონზე ჭავჭავაძის, მელიქიშვილის, ქეთევან დედოფლის გამზირები განახლდა, უამრავი ქუჩა რეაბილიტირდა. ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში ჩართულ პირებს მადლობა გადაუხადა.
„თითოეულ ჩვენს თანაშრომელს, ყველა იმ სამსახურს, რომელიც ჩართულია წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაში მადლობას ვუხდი. მადლობა იმ კომპანიებს, რომელთა თანამშრომლები ახლაც ასრულებენ სამუშაოებს. მადლობა ჩემს მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს, რომელიც ახლაც წერეთლის გამზირზე იმყოფება. განსაკუთრებული მადლობა კი ადგილობრივ მოსახლეობას ეკუთვნის, რომელთა თანადგომით ხორციელდება აღნიშნული სამუშაოები. მათ ამ ხნის მანძილზე ხმაურს, ტალახს და მტვერს გაუძლეს. მინდა, იცოდეთ, რომ თქვენს საქმიანობაზე დგას ეს ქალაქი და ვერანაირი სპეკულაციები ვერ შეუშლის ხელს მის განვითარებას, წინსვლას. ამიტომ, მაქსიმალური ენერგიით, მეტი ცოდნით და შრომისმოყვარეობით გავაგრძელოთ თბილისისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტები“, - განაცხადა კახა კალაძემ.