„რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატს, რომელიც ასევე დასახელდება ხუთშაბათს, მას ექნება გარკვეული პერიოდი, რომ წარმოადგინოს მინისტრთა კაბინეტი და ჩვენ დავიწყებთ განხილვებს პარლამენტში და პროცედურების შესაბამისად წარიმართება ეს პროცესი“, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ განახლება არასდროსაა ცუდი, შეიძლება პირიქით - ძალიან პოზიტიური შედეგები მოიტანოს და პირველ რიგში, ეს მიმართულია იმისთვის, რომ ახალი ენერგიით და შემართებით გავაგრძელოთ ის პროგრამა, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს ქვეყნის განვითარებისთვის“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ღარიბაშვილი პრემიერი მეორედ 2021 წელს გახდა. მანამდე ის მთავრობის მეთაურის თანამდებობას 2013-2015 წლებში იკავებდა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.