„ირაკლი ღარიბაშვილმა თავად ახსნა საკუთარი გადაწყვეტილება, თუ რატომ ტოვებს ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას და ინაცვლებს პარტიაში. რაც შეეხება მის პრემიერ-მინისტრობის პერიოდს, ვფიქრობ, ყველა, მათ შორის ოპოზიციაც თანხმდება, რომ ეს 3 წელი იყო გამორჩეული პოლიტიკური და ეკონომიკური მიღწევებით“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
„იმ გამოწვევებით სავსე გარემოში, რომელიც ჩვენ გარშემო არის უსაფრთხოების მხრივ, და ამას დაემთხვა პანდემიის ბოლო ეტაპიც, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველომ შეძლო, ჰქონოდა ისტორიული მიღწევები კანდიდატის სტატუსის სახით, და ისტორიული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები. შესაბამისად, ეს 3 წელი იყო ძალიან წარმატებული. რაც შეეხება ახალ პრემიერს, ირაკლი კობახიძის კანდიდატურა ხვალ იქნება განხილული პოლიტსაბჭოზე. თუ ის გახდება პრემიერ-მინისტრი, ესეც იქნება ისტორიული მომენტი ქართული დემოკრატიისთვის, ვინაიდან პირველად, მას შემდეგ რაც საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკის წყობაზე გადავიდა, პრემიერ-მინისტრი წამოვა საპარლამენტო წიაღიდან. პრინციპში, ეს არის საპარლამენტო დემოკრატიების მიზანი და იდეა, როდესაც საპარლამენტო გამოცდილების მქონე პოლიტიკოსები არიან წარმოდგენილი მთავრობაში. ამიტომ, ვფიქრობ პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობას ეს სხვა დინამიკას შესძენს. ოპოზიციისთვისაც ეს არის ძალიან პოზიტიური მოვლენა და გარკვეულ გამოხმაურებებში ეტყობა კიდევაც - როდესაც ყოფილი კოლეგა, რომელთანაც წლები გაქვს გატარებული ერთ სხდომათა დარბაზში, პოლიტიკურ დისკუსიაში, სხვანაირი ინტერაქციაა, როდესაც ასეთი ადამიანი არის მთავრობაში. სხვათა შორის, გიორგი ამილახვარის შემთხვევაში ოპოზიციიდანაც ბევრმა იგრძნო, რომ ეს განსაკუთრებული ურთიერთობაა. ამიტომაც, ვფიქრობ, ამ მხრივაც საინტერესო წელი იქნება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.