„იმედს გამოვთქვამთ, რომ ოპოზიცია, მათი გარკვეული ნაწილი, ახლა მაინც გარკვეულ დადებით როლს შესარულებს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში, თუმცა ამაში დარწმუნებულები ნამდვილად არ ვართ“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„საბოტაჟის პირდაპირი მაგალითი უკვე არის ის, რასაც „ლელო“ აკეთებს. თითქოს ორკაციანმა პოლიტიკურმა დაჯგუფებამ შეიძლება რაღაც სერიოზული შეძლოს და გააკეთოს საქართველოს პარლამენტში მაშინ, როდესაც მათ არ სურთ პარლამენტის წევრებთან საკუთარი მოსაზრებების გამხელა და გაზიარება და ამ ყველაფერს საზოგადოებას ცალმხრივად აწვდიან. ეს არის ღიმილის მომგვრელი“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
მომავალ კვირას პარლამენტში საგაზაფხულო სესია გაიხსნება და განახლდა მუშაობა ევროპულ რეკომენდაციებზე. 9 პრიორიტეტის შესახებ ერთი შეხვედრა უკვე გაიმართა, რომელსაც ბოიკოტი გამოუცხადა „ლელომ“. ამ საკითხზე მორიგი შეხვედრა პარლამენტში ორ კვირაში იგეგმება.