logo_geo
eng_logo
ოთარ შამუგია შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
- +

1 თებერვალი. 2024. 11:10

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი  ოთარ შამუგია შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანა ლიბერგს შეხვდა.

 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე ერთობლივი პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ოთარ შამუგიამ შვედეთის ელჩს საქართველოში საქმიანობის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. როგორც მან განაცხადა, საქართველო და შვედეთი გარემოს დაცვის მიმართულებით არაერთი წელია, აქტიურად და ნაყოფიერად თანამშრომლობენ.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტს „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“, დაცული ტერიტორიების განვითარების საკითხებს, ბიომრავალფეროვნების შესახებ კანონპროექტს, ნარჩენების მართვის მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის გზებს.

 

„ერთობლივად ვახორციელებთ პროექტს „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“, რომლის ფარგლებშიც არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდა, მათ შორის, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურების გაფართოების კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ ამ, მიმართულებით, ევროკავშირის მხარდაჭერით, ეტაპობრივად, სრულად დავფარავთ საქართველოს. აქტიურად ვმუშაობთ დაცული ტერიტორიების განვითარებაზე - თბილისთან ახლოს ვგეგმავთ ახალი სივრცის მოწყობას, რომელსაც ექნება როგორც დასასვენებელი, ისე საგანმანათლებლო და ტურისტული დატვირთვა; ვმუშაობთ ახალი დაცული ტერიტორიების შექმნაზე სამეგრელოში, სვანეთში, გურიასა და რაჭაში. შვედეთის მხარდაჭერით, შევძელით ბიომრავალფეროვნების შესახებ კანონპროექტის შემუშავება, რომლის განხილვებიც უახლოეს პერიოდში დაიწყება პარლამენტში. ამასთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ ნადირობის შესახებ კანონპროექტზე. საბოლოო ჯამში, გასული წელი იყო ძალიან აქტიური და პოზიტიური“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

 

მან ყურადღება გაამახვილა გასულ წელს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობასა და რეკომენდაციების შესრულების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე. როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, სტატუსის მიღების შემდეგ, უფრო აქტიური ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რაშიც ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

 

შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ანა ლიბერგმა განაცხადა, რომ შვედეთი საქართველოს ძლიერი მხარდამჭერია და მნიშვნელოვანია მხარეებს შორის თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდეს.

 

შეხვედრას შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) ხელმძღვანელი ერიკ ილესი, საქართველოში შვედეთის საელჩოს გარემოსდაცვითი პროგრამის ხელმძღვანელი ხათუნა ზალდასტანიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner