ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძის პოლიტიკური გამოცდილება და ხედვები სხვადასხვა მიმართულებით იქნება მხოლოდ და მხოლოდ კარგი ქვეყნისა და მომავლისთვის.
„ეს განახლება მიმართულია იმისკენ, რომ ახალი ენერგიითა და ახალი ძალით გავაგრძელოთ იმ მიზნებისკენ სვლა, რაც აქვს „ქართულ ოცნებას“. ირაკლი კობახიძის პოლიტიკური გამოცდილება და ხედვები სხვადასხვა მიმართულებით იქნება მხოლოდ და მხოლოდ კარგი ჩვენი ქვეყნისა და მომავლისთვის.
ასევე, ირაკლი ღარიბაშვილის გამოცდილება და რესურსი, რაც მას აქვს ქართულ პოლიტიკაში, წაადგება „ქართულ ოცნებას“, როგორც პოლიტიკურ პარტიას. ვფიქრობთ, ეს არის სწორი განახლება, რომელიც კარგია როგორც პარტიისთვის, ისევე ჩვენი ქვეყნისთვის და იმ მიზნებისთვის, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს, როგორც ხელისუფლებას“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
„ქართული ოცნება“ დღეს პარტიის მერვე ყრილობას გამართავს. აირჩევენ ახალ თავმჯდომარეს - პარტიას ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. ყრილობამდე გაიმართება პოლიტსაბჭოს სხდომა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძეს წარადგენს.