„კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ დღეს უკვე ოფიციალურად განხორციელდა ცვლილებები. მე დავიკავე მმართველი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა. ჩემთვის ეს არის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობა, ვინაიდან ამ პარტიით მოვედი პოლიტიკაში და ეს არის ჩემი მეორე ოჯახი. ეს ჩვენი პოლიტიკური ოჯახია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს წარმატებები კიდევ ერთხელ უსურვა.
„მინდა კიდევ ერთხელ ვუსურვო წარმატებები ჩემს მეგობარს, ირაკლი კობახიძეს. ჩემი გამოსვლისას ვთქვი, რომ მას ძმურ თანადგომას ვპირდები და, რა თქმა უნდა, ჩვენ ერთი გუნდი ვართ და როგორც ერთი გუნდი, ასე გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის მსახურებას.
წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენა იქნება არჩევნები. წინ გველოდება ძალიან მნიშვნელოვანი და რთული არჩევნები 26 ოქტომბერს. რთული იმ თვალსაზრისით, რომ რთული გეოპოლიტიკური ვითარებაა, საჭირო არის მაქსიმალური მობილიზება გავუკეთოთ ჩვენს პარტიას, ჩვენს ხალხს, ჩვენს ამომრჩეველს და ძლიერად მოვიგოთ ეს არჩევნები. ჩვენი ამბიციაა, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს არის ჩვენი მიზანი. რა გამოვა, ამას ვნახავთ. მე მეტ დროს დავუთმობ პარტიულ საქმიანობას, პარტიის გუნდთან გავაგრძელებ მუშაობას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.