logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: მე მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ როდესაც ბიძინა ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინ საქართველოს არავითარი ხელშესახები შედეგი არ ჰქონდა ევროინტეგრაციის გზაზე
- +

1 თებერვალი. 2024. 16:00

 

 

პირველ რიგში, მოგესალმებით ყველას. მივესალმები პარტიის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ჩვენი ოჯახის თითოეულ წევრს მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ უდიდესი ნდობისთვის. ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევა,- ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” რიგით მე-8 ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინ საქართველოს არავითარი ხელშესახები შედეგი არ ჰქონდა ევროინტეგრაციის გზაზე. სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს მოეწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას, უვიზო რეჟიმს და ქვეყანამ შარშან, დეკემბერში მიიღო კანდიდატის სტატუსი.

 

„2011 წელს ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის დაფუძნებით შექმნა სახალხო პროცესი, რომელმაც შეძლო ის, რაც მანამდე შეუძლებელი იყო - დემოკრატიულად, არჩევნების გზით დაამარცხა ყველაზე ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ქართველი ხალხის მჩაგვრელი რეჟიმი და სათავე დაუდო ჩვენო ქვეყნის განვითარების სრულიად ახალ ეტაპს. ბოლო 12 წელში, მთელ მსოფლიოში უდიდესი გამოწვევების - პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული კრიზისების პირობებში საქართველომ არა მხოლოდ შეინარჩუნა მშვიდობა და სტაბილურობა, არამედ არსებითი ტრანსფორმაცია განიცადა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების, ეკონომიკური განვითარების, სოციალური თანასწორობის, ევროინტეგრაციის მიმართულებებით.

 

მსურს კიდევ ერთხელ საზოგადოებას შევახსენო ვითარება, რომელიც ბატონ ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ დახვდა 2012 წელს ქვეყანაში: ეს იყო ფეხქვეშ გათელილი ადამიანის უფლებები, ბიზნესის რეკეტი, პატიმრების წამება, უმუშევრობის მაღალი დონე და სოციალური სიდუხჭირე, ოკუპირებული ტერიტორიები, სრული განუკითხაობა და ქაოსი.

 

2012 წელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, მთლიანი შიდა პროდუქტი იყო დაახლოებით 27 მილიარდი ლარი; წელს მთლიანი შიდა პროდუქტი გახდება 86 მილიარდი ლარი. ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების" მმართველობის დროს ეროვნული ეკონომიკა 3-ჯერ გაიზარდა. ისტორიულ მინიმუმზე არის უმუშევრობისა და სიღარიბის დონე. ფაქტობრივად განახევრდა სიღარიბე. 2012 წელთან შედარებით ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს.

 

გატარდა მასშტაბური რეფორმები ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების სისტემის, სოციალური თანასწორობის, სასამართლოსა და მედიის თავისუფლების - არსებითად, ყველა მიმართულებით. განხორციელდა ეროვნული, რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის მასშტაბური პროექტები.

 

სწორედ ამ რეფორმების და პროექტების შედეგად დღეისათვის საქართველო რეგიონში მოწინავე ლიდერია.

 

მე მინდა ასევე შევახსენო საზოგადოებას, რომ როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინ საქართველოს არავითარი ხელშესახები შედეგი არ ჰქონდა ევროინტეგრაციის გზაზე. სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს მოეწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას, უვიზო რეჟიმს და ქვეყანამ შარშან დეკემბერში მიიღო კანდიდატის სტატუსი.

 

ჩვენი ქვეყნის შთამბეჭდავ პროგრესზე მეტყველებს ყველაზე ობიექტური კრიტერიუმები - ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები, ჩვენი ქვეყანა მრავალი მიმართულებით ლიდერობს რეგიონის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, და, ხშირად, მსოფლიოს მასშტაბით; არაერთი მაჩვენებლით უსწრებს ევროკავშირისა და NATO-ს წევრ ქვეყნებს.

 

2012 წელს დიქტატორული, უნდა ითქვას პირდაპირ, მჩაგვრელი რეჟიმიდან ქვეყანამ განიცადა საოცარი ტრანსფორმაცია და დემოკრატიზაციის 10-წლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოს თითქმის 180 ქვეყანაში საუკეთესო ათეულშია.

 

დღეს ჩვენი ქვეყანა ლიდერია კანონის უზენაესობისა და კორუფციისგან თავისუფლების, ეკონომიკური თავისუფლების, სასამართლოს დამოუკიდებლობის, პასუხისმგებლიანი და ეფექტიანი მთავრობის, ბიუჯეტის გამჭვირვალობის, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის, ბაზარზე წვდომის, ინოვაციების მიმართულებებით და ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი, რომელიც მოიტანა ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ ეს არის უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობა”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner