logo_geo
eng_logo
კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა ლეგენდარულ ქართველ სპორტსმენს, ნინო სალუქვაძეს, იუბილე მიულოცა
- +

1 თებერვალი. 2024. 17:41

 

 

დღეს სახელოვანი ქართველი მსროლელი ნინო სალუქვაძე იუბილარია. სპორტსმენს 55 წლის იუბილე კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა პირადად მიულოცა.

 

 ნინო სალუქვაძე 2024 წლის პარიზის ოლიმპიადისთვის აქტიურად ემზადება, ის პირველი ქალი სპორტსმენია, რომელიც ოლიმპიადაზე მეათედ იასპარეზებს. თეა წულუკიანმა ლეგენდარულ მსროლელს მომავალ ოლიმპიადაზე წარმატებები უსურვა. სპორტსმენისა და მინისტრის შეხვედრაზე ისაუბრეს უნგრეთში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატსა და ბრაზილიის ოლიმპიადის ფინალურ საკვალიფიკაციო ტურნირზე, რომლებშიც მონაწილეობას საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები მიიღებს.

 

ქართველი სპორტსმენები ასპარეზობებზე პარიზის ოლიმპიადის კვალიფიკაციების მოპოვებას შეეცდებიან. შეხვედრაზე განიხილეს სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხიც.

 

კულტურისა და სპორტის სამინისტრო გეგმავს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სასროლეთის მოწყობას, რომელიც ქართველ სპორტსმენებს უკეთესი შედეგების მიღწევაში დაეხმარება. ახალი სასროლეთი საქართველოს საშუალებას მისცემს არაერთ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლოს. ინფორმაციისთვის: ნინო სალუქვაძის ოლიმპიური დებიუტი 1988 წელს სეულში შედგა, 25-მეტრიან დისტანციაზე მან ოქროს მედალი, 10 მეტრზე სროლაში კი ვერცხლი მოიპოვა. ცნობილი მსროლელი 2008 წელს ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე ათმეტრიან დისტანციაზე ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

 

ნინო სალუქვაძე ასევე შვიდგზის მსოფლიოს ჩემპიონია, მსოფლიოს პირველობაზე მას ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული. მისი სპორტული მონაგარი 20-ზე მეტ მსოფლიოს რეკორდს, ევროპის ჩემპიონატისა და მსოფლიოს თასების გათამაშების 17-გზის გამარჯვებას მოიცავს. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს თამაშებზე ნინო სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი პირველი დედა და შვილი გახდნენ, რომელთაც ოლიმპიადაზე ერთად იასპარეზეს. ნინო სალუქვაძე ღირსების ორდენის, ვახტანგ გორგასლის სახელობის II და III ხარისხის ორდენების, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენის, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენისა და საქართველოს სპორტის რაინდის წოდების მფლობელია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner