"დღეს აბსოლუტურად ანალოგიური შემადგენლობით დამტკიცდა პარტიის პოლიტიკური საბჭო: მე კვლავ გახლავართ პარტიის აღმასრულებელი მდივანი, კახა კალაძე გენერალური მდივანი და დიტო სამხარაძე რეგიონული მდივანი", - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„რაც შეეხება საპარლამენტო ცხოვრებას, ჩემთვის დიდი პატივია ირაკლი კობახიძის სტატუსის დაკავება. შემომთავაზეს, რომ მე ვიყო ფრაქციის თავმჯდომარესთან ერთად, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ეს ასეც შეიძლება, მაგრამ მე იმასაც ვფიქრობ, რომ სხვას შევთავაზო. აქვე შემიძლია გითხრათ, რომ მაგალითად, ჩემი პირველი მოადგილეა რატი იონათამიშვილი. ის არის ადამიანი, რომელიც გაძლევს მაგალითს, რომ ყველაფრის მიუხედავად, არასდროს უნდა დაეცე. ის არის პროფესიონალი, ერუდირებული ადამიანი, საქმისა და სამშობლოს მოყვარული“, - აღნიშნა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ირაკლი კობახიძემ ყველა მინისტრს შესთავაზე პოსტზე დარჩენა.
„იყო წლები, როდესაც გუნდის ერთიანობასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები არსებობდა. ღალატიც ვნახეთ, მათ შორის გუნდის წევრებისგან და მათ მთლად პირველი პირისგან. ბოლო პერიოდში უპრეცედენტო ერთიანობა იყო და არის და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ახლა გუნდი ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს“, - განაცხადა კობახიძემ.