"პარლამენტი ირაკლი კობახიძის გარეშე მართლაც წარმოუდგენელია," - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ირაკლი კობახიძემ ალბათ, ყველაზე კარგად იცის პარლამენტის როლის შესახებ.
„პარლამენტი ირაკლი კობახიძის გარეშე მართლაც წარმოუდგენელია, ძალიან რთული წარმოსადგენია, თუმცა, ამას მეორე დიდი დადებითი მხარე აქვს. როდესაც საპარლამენტო მოწყობის ქვეყანას აშენებ და ამ მოწყობის ქვეყანაში პრეცედენტი ჩნდება, რომ ყველაზე აქტიური, ყველაზე შედეგიანი პარლამენტარი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე გადადის ქვეყნის პირველ პირად, აქ კიდევ სხვა ემოციაც, სხვა მოლოდინიც ჩნდება იმისა, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში ეს მიმართულება კიდევ უფრო გაძლიერდება. ირაკლიმ ალბათ, ყველაზე კარგად იცის, რას ნიშნავს პარლამენტის როლი. ჩვენ ხომ ბევრჯერ გვილაპარაკია, გვიმუშავია ამაზე, არა მხოლოდ კონსტიტუციაზე, არამედ კონსტიტუციიდან გამომდინარე კანონებზე, რეგლამენტზე. რეგლამენტში რამდენი ცვლილება შეგვიტანია, რამდენი დაგვინახავს მათ შორის მთავრობასთან ურთიერთობაში. ინტერპელაციის წესია, მინისტრის საათია და უამრავი რამ, რაც ხშირ შემთხვევაში დისკუსიის საგანი ყოფილა. როგორ გაამართლა ერთმა თუ მეორე საკითხმა. საზედამხედველო, მაკონტროლებელი ფუნქცია პარლამენტისა რომელში უფრო კარგად აისახა. ამ მსჯელობებისა და დისკუსიების ლიდერი და მოთავე ხომ ირაკლი კობახიძე იყო და ამაზე პერმანენტულად ვმუშაობდით და ამის დახვეწის პროცესში ვიყავით. შესაბამისად, ახლა მთავრობის მეთაურის პოზიციიდან ამ როლის შესახებ ყველაზე კარგად მან იცის და ამ პოზიციიდან, ვფიქრობ, რომ საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.