"როგორც ჩანს, ოპოზიცია დარწმუნდა, რომ ბიძინა ივანიშვილს, „ქართულ ოცნებას“, იმ სწორ გზას, რომელიც ამ ადამიანმა, ამ გუნდმა და ხელისუფლებამ უზრუნველყო, ვერაფრით მოუგებენ და ახლა სხვა გზას დაადგნენ, რომ იქნებ სხვადასხვა ფლანგიდან მივიდნენ კონკრეტულ წარმატებამდე, რაც შეუძლებელია, "- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„რამდენადაც არ უნდა დაიშალონ, ხომ ერთი ორგანიზმია? რაც არ უნდა მაგარი პიარ ტექნოლოგი, დავალების მიმცემი, პატრონი ან პოლიტიკოსი გყავდეს, სიცრუეზე აგება ხომ წარუმატებლობის ფორმულაა? რუსულ თემას ვერ იშორებენ, 10 წელია ამას ლაპარაკობენ. ამ დროს ვიზალიბერალიზაცია, კანდიდატის სტატუსი, უვიზო მიმოსვლა და მაინც რუსულ მესიჯზე რომ ზიხარ, ხომ უნდა მივხდე, რომ სისულელეს ლაპარაკობ? ნიკა გვარამია ცალკე წავიდა, გიორგი გახარიას თავისი დავალება აქვს, მაგრამ ქართველმა ხალხმა მოღალატის ცნობაც იცის და ბოროტის კეთილისგან გარჩევაც. ისეთ მესიჯბოქს ახმოვანებენ, რომ მათ არ აქვთ ქართველ ხალხზე სწორი წარმოდგენა. შესაბამისად, ოპოზიციის დაქსაქსვა და ყალბი ნარატივები შედეგს ვერ გამოიღებს და ამაზე მეტყველებს ჩვენი დღევანდელი უპრეცედენტო რეიტინგი “, - აღნიშნა მდინარაძემ.