საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თეა წულუკიანი „სსიპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება ქ. რუსთავის სამუსიკო სასწავლებელს“ ესტუმრა და ცნობილ ქართველ მუსიკოსსა და პიანისტ გიორგი ვაჩნაძესა და მის მეუღლე, პიანისტ კიომი სუგიმურასთან ერთად გაეცნო სასწავლებლის მუშაობის სპეციფიკასა და ინფრასტრუქტურას.
მინისტრმა დაათვალიერა სასწავლებლის საკონცერტო დარბაზი, აუდიტორიები და შეხვდა სასწავლებლის დირექტორს, ნინო ნაჭყებიას, რომლისგანაც მოისმინა ინფორმაცია სასწავლო პროცესის შესახებ. გაიმართა შეხვედრა სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგებთან.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ახალი ხელმძღვანელის პირობებში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან სამუსიკო სასწავლებლების უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ ერთი თვის შემდეგ თბილისის კონსერვატორიაში გაიმართება შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა, რომელზეც სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სამუსიკო სასწავლებლების წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელებენ მათ საჭიროებებსა და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე. შეხვედრისას თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა სასწავლებლის პედაგოგებს ენთუზიაზმისა და თავდადებული შრომისათვის.
სსიპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება ქ. რუსთავის სამუსიკო სასწავლებელი მოცემული ფორმით დაარსდა 2009 წელს, სახელოვნებო განათლების სისტემაში წამოწყებული ცვლილებების შედეგად. იგი არის სამართალმემკვიდრე სასწავლებლისა, რომელმაც ნახევარსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე აღზარდა მრავალი მუსიკოსი. ამ სასწავლებლის კურსდამთავრებულები ყოველთვის წარმატებით მოღვაწეობდნენ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, რაც მეტყველებს პედაგოგთა მაღალკვალიფიციურობაზე. ისინი ახალგაზრდა ნიჭიერ კადრებთან ერთად ღირსეულად იცავენ სასწავლებლის ტრადიციებს.
ქ. რუსთავის სამუსიკო სასწავლებელში გასული საუკუნის 70-იან წლებში მოღვაწეობდნენ ქართული სიმღერის დიდი მოამაგე და მკვლევარი, ანსამბლ „რუსთავის“ დამაარსებელი ანზორ ერქომაიშვილი და საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა.
სასწავლებელი ახორციელებს 11-წლიანი სწავლების (დაწყებითი – I-IV კლასი, საბაზო – VII-IX კლასი, სპეციალური – X-XI კლასი) უწყვეტ ციკლს საფორტეპიანო, საორკესტრო სიმებიანი საკრავების (ვიოლინო, ჩელო), ჩასაბერი საკრავების (ფლეიტა, კლარნეტი, საყვირი, საქსოფონი), დასარტყამი ინსტრუმენტების, ვოკალურ და საგუნდო-სადირიჟორო განყოფილებებზე.
სასწავლებელი გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან არის ორგანიზატორი ორი მასშტაბური ღონისძიების – კლასიკური მუსიკის ნორჩ შემსრულებელთა კონკურსისა და საგუნდო მუსიკის ფესტივალის, რომლებშიც, ტრადიციულად, მონაწილეობენ თბილისის, ქ. რუსთავისა და ქვემო ქართლის სამუსიკო სკოლების ცალკეული შემსრულებლები და საგუნდო კოლექტივების 2 500 მოსწავლე.
სასწავლებელმა აღზარდა რეგიონული, ეროვნული და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები. ბოლო 14 წლის მანძილზე 34-მა კურსდამთავრებულმა სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტებზე.
აღსანიშნავია, რომ სამინისტროს მიერ 2023 წელს გამოცხადებული კონკურსის - „ინსტრუმენტების განახლება სამუსიკო სასწავლებლებში“ - ფარგლებში რუსთავის სამუსიკო სასწავლებელი 35 000 ლარით დაფინანსდა და, Petrof-ის აკუსტიკურ როიალებთან ერთად, საქსოფონი, კლარნეტი და ფლეიტა შეიძინა.
2021 წელს, ამავე კონკურსის ფარგლებში, კულტურის სამინისტრომ რუსთავის სამუსიკო სასწავლებელს 30 300 ლარი ღირებულების ინსტრუმენტები შეუძინა.