„ოპოზიციის საქმე ის არის, რომ აკრიტიკოს ნებისმიერი კანდიდატი, მით უმეტეს, მთავრობის მეთაურობის კანდიდატი, სხვაგვარად, ისინი ოპოზიცია აღარ იქნებოდნენ და იქნებოდნენ უმრავლესობის ნაწილი. მათ კარგად იციან ირაკლი კობახიძის ინტელექტუალური შესაძლებლობები, კარგად იციან ის უნარები, რომლითაც ირაკლი კობახიძე შეუდგება თავისი საქმის კეთებას, ამიტომ არ მგონია, რომ რაიმე პოზიტიურის მოლოდინი ჰქონდეთ მათთვის - ქვეყნისთვის თავისთავად ექნებათ, მაგრამ საკუთარი თავისთვის ასეთი მოლოდინები, ვეჭვობ, რომ არ ექნებათ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებსა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს შორის გამართული ყველა პოლემიკის დროს, კობახიძე ყოველთვის არგუმენტირებულად ადასტურებდა „ქართული ოცნების“ პოზიციის სისწორეს.
„აქვთ გამოცდილება ირაკლისთან ურთიერთობის და ყველა იმ თემაზე, ყველა იმ დარგში, რაზეც პოლემიკა ყოფილა და რაზეც კი დამსხდარან სასაუბროდ ერთის მხრივ, ოპოზიციის წარმომადგენლები და მეორეს მხრივ, ირაკლი კობახიძე, როგორც უმრავლესობის ლიდერი და მმართველი გუნდის პარტიის თავმჯდომარე, ყველგან დაუსაბუთებია, ძალიან არგუმენტირებულად უჩვენებია ირაკლი კობახიძეს, რომ ის პოზიცია, რომელსაც წარმოადგენს ხოლმე „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, არის ქვეყნისთვის სასიკეთო შედეგის მომტანი, ხოლო ის პოზიცია, რომელსაც რიგ შემთხვევებში წარმოადგენენ ხოლმე ჩვენი ოპოზიციონერები, როგორც წესი, ორიენტირებულია დესტრუქციაზე, ამ ქვეყნისთვის პრობლემების შექმნაზე და საკუთარი ქულების ჩაწერაზე, რასაც ბოლომდე ვეღარც კი ახერხებენ. ადრე ქულების ჩაწერას მაინც ახერხებდნენ პარტიულ ყულაბაში ახლა ამისი შნოც აღარ დარჩათ და ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის რანგში, ქვეყნის მასშტაბით იქნება მათთვის რთული ოპონენტი, რომელსაც ვეჭვობ, რომ ვერ გაუწევენ ოპონირებას და ეს შესაბამისად, მათთვის სასიხარულო არ უნდა იყოს“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.