logo_geo
eng_logo
სამთავრობო პროგრამა - „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ გამოქვეყნდა
- +

2 თებერვალი. 2024. 20:56

 

სამთავრობო პროგრამა - „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

 

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, სამთავრობო პროგრამის მიზანია ეკონომიკის მეტად სტიმულირება, თითოეული მოქალაქისათვის სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება, დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერება და საქართველოს ევროკავშირში გაწევრებისთვის საჭირო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

 

 

„საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება შემდეგ საკვანძო სფეროებზე:

 

 

1. საგარეო პოლიტიკა, ევროკავშირში ინტეგრაციის შეუქცევადობა, რუსეთსაქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, უსაფრთხოების და ქვეყნის სტაბილური განვითარების უზრუნველყოფა; საზოგადოებრივი უსაფრთხოება - სახელმწიფოს მთავარ ამოცანად რჩება საქართველოს ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა, დეოკუპაცია, საქართველოს რეგიონული და გლობალური როლის კიდევ უფრო განმტკიცება ქვეყნის შემდგომი სწრაფი განვითარების უზრუნველყოფის მიზნით. უსაფრთხოების გარემოს მზარდი გამოწვევებიდან გამომდინარე, მთავრობის მიზანია, ტოტალური თავდაცვის მიდგომაზე დაფუძნებით, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და სტრატეგიული მზადყოფნის დონის ამაღლება, ასევე, დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერება, ადამიანის უფლებათა მაღალი სტანდარტით დაცვა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. შედეგად, მთავრობა შეძლებს მოსახლეობისთვის მშვიდი და სტაბილური გარემოს შექმნას.

 

 

2. ეკონომიკური განვითარება - ეკონომიკური პოლიტიკის უმთავრესი ამოცანებია მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა, ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესება, საგარეო ვაჭრობის განვითარება და საქართველოს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა. აღნიშნული მიზნის განუყოფელი ნაწილია ტურიზმის განვითარება, სოფლის მეურნეობის, ადგილობრივი ინვესტიციებისა და სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერა, რაც მოქალაქეთა კეთილდღეობის ზრდის წინაპირობებს შექმნის. მთავრობის მიზანია საქართველო იქცეს საკვანძო ეკონომიკურ ჰაბად გლობალურ და რეგიონულ დონეზე. შედეგად, შესაძლებელი გახდება დასაქმების ზრდა და მოქალაქეთა ცხოვრების დონის გაუმჯობესება.

 

 

3. სოციალური პოლიტიკისა და ადამიანური კაპიტალის განვითარება - მოცემული მიმართულებით მთავრობის მიზანია მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. მთავრობის მტკიცე პოლიტიკაა ქვეყანაში სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერება და დასაქმების ხელშეწყობა. ამასთანავე, პრიორიტეტად რჩება ხარისხიანი განათლების სისტემის განვითარება, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მხარდაჭერა, რაც კიდევ უფრო ძლიერი და ცოდნით აღჭურვილი საზოგადოების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

 

 

4. სახელმწიფო მმართველობა - მთავრობის უცვლელ პრიორიტეტად რჩება დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა და საჯარო სამსახურის სისტემის

 

 

განვითარება, რაც ასევე უზრუნველყოფს საქართველოს ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის დაჩქარებას. მთავრობა უწყვეტად განაგრძობს მოქალაქეებისთვის სერვისების კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით მიწოდებასა და რეალურ საჭიროებებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელებას.

 

 

სამთავრობო პროგრამა ქმნის მყარ საფუძვლებს მომდევნო წლებში ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის, როგორც ეროვნული, ასევე რეგიონული და გლობალური მასშტაბით, გვაახლოებს ევროკავშირში გაწევრიანების ისტორიულ მიზანთან და ემსახურება თითოეული მოქალაქის უკეთეს მომავალს.

 

 

მთავრობა გამოხატავს სრულ მზაობას, ფართო საზოგადოების ჩართულობითა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, შექმნას საქართველოს ევროპული მომავალი“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

 

 

როგორც ცნობილია, სამთავრობო კაბინეტში ცვლილება მხოლოდ თავდაცვის მინისტრს შეეხება და ჯუანშერ ბურჭულაძეს ზუგდიდის მაჟორიტარი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის. არსებული ინფორმაციით, ჩიქოვანი ვიცე-პრემიერის პოსტსაც დაიკავებს.

 

 

რაც შეეხება ჯუანშერ ბურჭულაძეს, უკვე ყოფილი მინისტრი კი შესაძლოა მალე ნატოში საქართველოს ელჩად ვიხილოთ.

 

 

პარლამენტში ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლე გიორგი ბარვენაშვილი იქნება. „ქართული ოცნების" სიაში ის 71-ადგილზეა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner