logo_geo
eng_logo
ქალაქ მარტვილში, მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის მენეჯმენტის გეგმის პროექტის გაცნობითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
- +

3 თებერვალი. 2024. 12:15

 

 

მენეჯმენტის გეგმის მიზანია მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლებისთვის გრძელვადიანი მიზნებისა და მათ მისაღწევად აუცილებელი მართვის შესაბამისი მიდგომებისა და ღონისძიებების განსაზღვრა, რომლებიც დაცული ტერიტორიების სააგენტომ მენეჯმენტის გეგმის მოქმედების ვადაში უნდა განახორციელოს.

 

მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის მენეჯმენტის გეგმის პროექტი საქართველოსა და შვედეთის მთავრობებს შორის გაფორმებული საგრანტო შეთანხმების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში შემუშავდება.

 

სამუშაო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“, მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის, მარტვილისა და ხონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

შეხვედრაზე გამოითქვა რეკომენდაციები და შენიშვნები, რომელთა გარკვეული ნაწილი გათვალისწინებული იქნება დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში.

 

მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის მენეჯმენტის გეგმის დოკუმენტი მომზადდება არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოტონის“ ეროვნული კონსულტანტების გუნდის მიერ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი მოსახლეობის და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით.

 

მენეჯმენტის გეგმა შემუშავდება საქართველოს კანონის „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ მოთხოვნების და საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 12 მარტის #110 ბრძანებით დამტკიცებული დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის სტრუქტურის, შინაარსისა და თემატური ნაწილების შემუშავების მეთოდოლოგიის მომზადების ეტაპებისა და პროცედურების შესახებ დებულების შესაბამისად.

 

აღსანიშნავია, რომ პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, მენეჯმენტის გეგმა მომზადდება 4 და განახლდება 3 დაცული ტერიტორიისთვის, გარდა ამისა, 17 დაცული ტერიტორიიისთვის შემუშავდება ეკოტურისტული გენერალური გეგმები, ნარჩენების მართვის გეგმები მომზადდება და შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება 17 დაცული ტერიტორია, წყლის რესურსების მართვის გეგმები შემუშავდება 2 დაცული ტერიტორიისთვის, ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარით აღიჭურვება 2 დაცული ტერიტორია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner