ლიტერატურული თეატრის დაარსებიდან 25 წელი გავიდა. საიუბილეო საღამო გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართა. თეატრის მსახიობებმა წარმოადგინეს და დამსწრე საზოგადოებას გაახსენეს თეატრის ისტორია, დასამახსოვრებელი სპექტაკლები, რეჟისორები და მსახიობები. საღამოს რეჟისორი იყო გიორგი სიხარულიძე.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი იოსებ ჭუმბურიძე და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ლიტერატურული თეატრი 1999 წელს შეიქმნა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში. მისი დამფუძნებლები არიან: კოტე მჟავია (თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი), ლადო მექვაბიშვილი, თემურ ნაცვლიშვილი, ნაირა გელაძე და ლია ქინქლაძე (თეატრის დირექტორი). თეატრის პირველი სპექტაკლი იყო რევაზ ინანიშვილის „ცეტები“. 2004 წელს თეატრმა ბინა დაიდო გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში და დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს.
ინფორმაციისთვის: თეატრის რეპერტუარში ამჟამად 32 სპექტაკლია: „შვლის ნუკრის ნაამბობი“, „სისხლი“, „სტუმარ-მასპინძელი“, „ჩხიკვთა ქორწილი“, „სულხან-საბა“, „ცეტები“, „ჭინჭრაქა“, "იავნანამ რა ჰქმნა?!" და ა. შ. თეატრი ერთი სეზონის განმავლობაში მართავს 350-400 წარმოდგენას, რის შედეგადაც დაახლოებით 40 000 ბავშვი ეზიარება ქართულ ლიტერატურასა და თეატრალურ ხელოვნებას.
ლინკი: