გუდაურში “სნოუბორდ კროსის“ დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპი მიმდინარეობს. აღნიშნული შეჯიბრი გუდაურში პირველად ტარდება, რომელშიც 17 ქვეყნის 90-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.
მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის, ირაკლი ბურჭულაძის განცხადებით, “სნოუბორდ ქროსის“ დისციპლინაში ტურნირის ჩატარება გუდაურში ნიშნავს იმას, რომ საქართველო მსოფლიო რუკაზე, როგორც წამყვანი სამთო კურორტი, კიდევ ერთხელ მოინიშნება.
“ისტორიაში პირველად ხდება, რომ გუდაურში ტარდება მსოფლიო ეტაპი “სნოუბორდ ქროსის“ დისციპლინაში. ეს არის ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი წარმატება. ტურნირის ტრანსლირება მიმდინარეობს მთელ მსოფლიოში ისეთ წამყვან არხებზე, როგორიც არის EUROSPORT და სხვ. ვიმედოვნებ, რომ ეს დღეები საკმაოდ წარმატებულად ჩაივლის. საკმაოდ კარგი სტრატი გვაქვს. ორი დღის განმავლობაში ვარჯიშებმა, კვალიფიკაციებმა საკმაოდ კარგად ჩაიარა. 3-4 თებერვალს საფინალო ეტაპია. მომზადების კუთხით ყველაფერი იდეალურადაა”, - განაცხადა ირაკლი ბურჭულაძემ.
საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობენ სპორტსმენები შემდეგი ქვეყნიდან: აშშ, კანადა, შვეიცარია, ავსტრია, ანდორა, ავსტრალია, ნიდერლანდები, ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, ჩეხეთი, ბრაზილია, იაპონია, კორეა, უკრაინა.
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მხრიდან ღონისძიებას ესწრებიან და საორგანიზაციო პროცესებში მონაწილეობენ შეჯიბრის დირექტორი, უვე ბეიერი და ტექნიკური დელეგატი, ლუკაშ ლიგოცკი.