საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს დავით საგანელიძეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მედიცინის დარგში გაწეული ღვაწლისა და სამედიცინო სფეროში წარმატებული მოღვაწეობისთვის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ვადაჭკორიამ და აკადემიური საბჭოს წევრებმა დავით საგანელიძეს უნივერსიტეტის მხარდაჭერისათვისა და გვერდში დგომისათვის მადლობა გადაუხადეს და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ერთხმად მიანიჭეს. აკადემიური საბჭოს სხდომაზე დავით საგანელიძის ინიციატივაზეც გამახვილდა ყურადღება, რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების წახალისებას ისახავს მიზნად. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი სამედიცინო უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის წარმატებულ სტუდენს სტიპენდიას უხდის.
„დავით საგანელიძეს, როგორც ექიმს, საკმაოდ გრძელი და საიტერესო გზა აქვს გავლილი მედიცინის დარგში. დაბრუნება არასდროს არ არის გვიან, თუმცა ის დღეს არანაკლებ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს ქვეყნისთვის. სხვათა შორის, დავით საგანელიძე პირველი იყო ვინც ქართულ სამდიცინო სექტორში რევოლუციური ნაბიჯი გადადგა და პირველი კერძო კლინიკა „პულსი" გახსნა. მისი მიდგომა სამედიცინო სფეროს განვითარების საქმეში კორუფციის აღმოფხვრისთვის მართებული აღმოჩნდა. დღეს განკერძოების პოლიტიკა გრძელდება და არსებული კონკურენცია ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების წინაპირობა ხდება. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში კარგი ტრადიცია არსებობს. იმ ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ჩვენი უნივერსიტეტის წინაშე საპატიო დოქტორის წოდებას ვანიჭებთ. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ადამიანი გახლავთ დავით საგანელიძე", - განაცხადა ზურაბ ვადაჭკორიამ.
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს მადლობა გადაუხადა საპატიო დოქტორის წოდების მინიჭებისთვის და აღნიშნა, რომ მისთვის ეს დიდი პატივია.
დავით საგანელიძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. იგი მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში. მუშაობდა სანქტ-პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში ზოგადი ქირურგიის კათედრაზე. საქმიანობდა მოსკოვის ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში. იკავებდა საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას.