თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ჯაბა სამუშიას განცხადებით, 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიით დაზარალებულ ხუთ ოჯახთან კომპენსაციის ოდენობაზე მერიაში სამუშო პროცესი მიმდინარეობს.
საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა „კონსტიტუციის 42-ე მუხლის" მიერ გაკეთებულ კვლევასთან დაკავშირებით, რომელიც თბილისში 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიით დაზარალებული ოჯახების კომპენსაციას ეხებოდა.
სამუშიას განცხადებით, ისურვებდა „კონსტიტუციის 42-ე მუხლს" მჭიდროდ ეთანამშრომლა თბილისის მერიასთან და საკრებულოსთან ინფორმაციის გაცვლის კუთხით, რათა უფრო დაზუსტებული ინფორმაცია ჰქონოდათ.
„ჩემთვის გაუგებარია, 41 ოჯახის დასახელება დაზარალებულთა იმ ნუსხაში, რომლებსაც არანაირი დახმარება არ მიუღიათ. სამწუხაროდ, არანაირი კონკრეტიზაცია არ არის. რომელ ოჯახებზეა საუბარი, ამ კვლევაში არ ჩანს. კარგი იქნებოდა, შესაბამის ორგანიზაციას გვარ-სახელებით წარმოედგინა ეს ოჯახები. რაც შეეხება 5 ოჯახს, რომელთან დაკავშირებითაც არის გარკვეული პრობლემები, ეს პრობლემები წარმოიშვა არა კომპენსაციის გაცემის წესიდან გამომდინარე, არამედ ამ ოჯახებს კანონთან მიმართებაში აქვთ პრობლემა. ისინი კანონის ძალით არ ფლობდნენ იმ ტერიტორიას, სადაც ცხოვრობდნენ. ანუ ტერიტორიის ფაქტობრივი მფლობელები არიან, თუმცა ის გაფორმებული არ აქვთ. ნებისმიერ პირს შეუძლია შევიდეს საჯარო რეესტრში და ნახოს, რომ იქ საკუთრება დადასტურებული არ არის", - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
მისივე თქმით, მიუხედავად აღნიშნულისა, თბილისის მერიამ ამ ოჯახებს ბინით დაკმაყოფილება და საკმაოდ მაღალი ფინანსური უზრუნველყოფა შესთავაზა.
ჯაბა სამუშიას განცხადებით, უფრო მეტიც, თბილისის მერმა მერის ფონდიდან ამ მიმართულებით გარკვეული თანხების მობილიზება გადაწყვიტა. ამდენად, ამ მიმართულებით ამ ოჯახების მიმართ დღესაც გარკვეული სამუშო რეჟიმია და სასამართლოში დავა მიმდინარეობს.