„ეს არის მხოლოდ 10-თვიანი პროგრამა, რომელიც გათვალისწინებულია მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებამდე“, - ამის შესახებ, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
„სამთავრობო პროგრამაში დიდი ცვლილება არ არის იმიტომ, რომ მოგეხსენებათ ეს არის მხოლოდ 10-თვიანი პროგრამა, რომელიც გათვალისწინებულია მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ მთავრობა უკვე წარდგება ახალი, 4 წლიანი პროგრამით. შესაბამისად, ეს პროგრამა არის უბრალოდ დასკვნითი ეტაპი იმ პროგრამისა, რომელიც მთავრობას აქამდე ჰქონდა“,- აღნიშნა სამხარაძემ.
სამთავრობო პროგრამა - „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, სამთავრობო პროგრამის მიზანია ეკონომიკის მეტად სტიმულირება, თითოეული მოქალაქისათვის სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება, დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერება და საქართველოს ევროკავშირში გაწევრებისთვის საჭირო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.