პარიზში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს სამი ქართველი – გიორგი ჩიხელიძე (73 კგ), დიმიტრი გოჩილაიძე და ვლადიმერ ახალკაცი (ორივე – 81 კგ) ასპარეზობდნენ, რომელთაგანაც ჩიხელიძე ფინალში იჭიდავებს.
ქართველმა გრანდ სლემზე ხუთი შეხვედრა მოიგო. ჩიხელიძემ ნახევარფინალში უზბეკ შახრად ახადოვს ვაზარით სძლია. ოქროს მედლისთვის ქართველი ძიუდოისტი იაპონელ ტაცუკი იშიჰარას შეხვდება.
პრესტიჟული ტურნირის პირველ დღეს გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) და თენგიზ ზირაქაშვილი (66 კგ) გამოვიდნენ – ორივე მათგანმა შეჯიბრება ადრეულ ეტაპზე დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს პარიზში საქართველოს ნაკრების ორმა წევრმა – ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, ლუკა მაისურაძე (90 კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.