logo_geo
eng_logo
ერთი ფოტოს ისტორია
- +

4 თებერვალი. 2024. 15:26

 

 

ერთი ფოტოს ისტორია

ჰოდა, თინეიჯერულ-თვენთიეიჯერული წვერისა და ბოტასებისა

 

ჰოდა, შემოვიხედე დღეს დილას ფეისბუქში და თავი თვენთიეიჯერი მეგონა: აქეთ ჩემი კლასელი რუსუდან გრიგოლია მიცინის 25 წლისა იმ თავისი ნიუ-იორკიდან, იქით 21 წლის გია ნაცვლიშვილი აჟღარუნებს გიტარას თავის თანატოლებთან ერთად, მერე ჩემი უნივერსიტეტელი ნაცნობები მახსენებენ თავიან თვენთიეიჯერებიან თავებს – რომელი ერთი ჩამოვთვალო: ლაურა კუტუბიძე, ელენე სალარიძე, რაულ ჩილაჩავა, მარი ... ამას კიდევ ჩემი ძველი თანამშრომლები დაემატნენ, მანამდელი ფოტოებით, სანამ ჩემი თანამშრომლები გახდებოდნენ... მერე კიდევ პოეტები – ნინო დარბაისელი, ნეშვილი და ტენესი რომ არ იცოდა საით იყო, იმდროინდელი ფოტოთი, ანა მარგველაშვილთან ერთად რომ გადაუღია ფშავში, აქეთ კიდევ – ვახტანგ ჯავახაძე, არასოდეს რომ არ მინახავს, ისეთი ახალგაზრდა, მგონი, ჩემს დაბადებამდე გადაღებული ფოტოთი.

 

ჰოდა, მოკლედ ჩამოვსქროლე და მივხვდი, რომ ჩამოვრჩენილვარ ფეისბუქურ სრბოლას. მერე და მერე გავიგე, რომ ეს ყველაფერი დღევანდელი ფეისბუქური ტრენდი ყოფილა, გინა – ჩელენჯი ანუ გამოწვევა. See you at 21– ჰოდა, ზოგმა მთლად 21-ისა რომ ვერ მოიძია, უბრალოდ თვენთიეიჯერების ფოტო დადო.

 

ჰოდა, გამოწვევა გამოწვევაა, მაგრამ რადგან ძველ ფოტოებში აქ და ამ წუთში უკეთესს მაინც ვერაფერს მივაგნებდი, ერთი მრავალგზის გამოყენებული ფოტოთი უნდა გამოვეხმაურო ფეისბუქ-ტრენდს. მე მგონი, ამ ფოტოში ზუსტად არ ვარ 21 წლისა, მაგრამ სადღაც თინეიჯერ-თვენთიეიჯერობის ზღვარზე უნდა მქონდეს გადაღებული.

 

ჰოდა, თითქოს ამ გამოწვევის მოლოდინი მქონდაო, სწორედ გუშინ დავიწყე ერთი ახალი ციკლი ფეისბუქზე – „ერთი ფოტოს ისტორია“. მრავალი საინტერესო ფოტო მაქვს – ჩემი თუ სხვისი, – რომლებსაც თავისი არანაკლებ საინტერესო ისტორიებიც ახლავს.

 

ჰოდა, რას წარმოვიდგენდი, რომ ახალი ციკლის მეორე გამოშვებაში, ალბერტ აინშტაინისა და ჩარლი ჩაპლინის შემდეგ, მოულოდნელად სწორედ ჩემს ფოტოზე მომიხდებოდა ამბების მოყოლა. არადა, ნიკო ნიკოლაძისა და ოლგა გურამიშვილის ერთი მშვენიერი ფოტოს ისტორია მქონდა სამეორეპოსტოდ შერჩეული.

 

ჰოდა, ეს ფოტო ჩემმა დეიდაშვილმა – გივი ნახუცრიშვილმა გადამიღო თავის სახლში, თხინვალის, დღეს ზალიკო ქიქოძის ქუჩაზე, სწორედ იმ ქუჩაზე, სადაც წლების მერე Yuri Mechitov-ი სერგო ფარაჯანოვის იმ ცნობილ ფოტოს გადაიღებს, ძეგლადაც რომ იქცა.

 

ჰოდა, მესამე თუ მეოთხე კურსზე ვიყავი უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკაზე. მაშინ წვერს, მით უმეტეს ჩემს ასაკში, როგორც წესი, არავინ ატარებდა. არც ჩეხური ბოტასებით დადიოდა ვინმე ჩემსავით ქუჩაში. ბოტასები, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ამ ფოტოში არ ჩანს. კათედრის გამგემ, პროფესორმა დათიკო გამეზარდაშვილმა პირდაპირ მითხრა – გამოცდაზე არ დაგიშვებ, თუ მაგ წვერს არ გაიპარსავ და მაგ კედებს არ გაიხდიო. ნიკო ნიკოლაძის ცხოვრება-შემოქმედების საუკეთესო მცოდნე, ბოტასებს კედებს ეძახდა. ნიკო ნიკოლაძემ ბევრი რამ კი შემოიტანა საქართველოში – ველოსიპედიდან დაწყებული, უნიტაზით დამთავრებული, ან პირიქით, მაგრამ ბოტასების შემოტანა ვერ მოასწრო.

 

ჰოდა, ერთი-ორჯერ კი გავიბრძოლე, მაგრამ სად იყოს დღეს რომ სტუდენტებს აქვს, იმხელა უფლებები – დათიკო გამეზარდაშვილს ვინ მოერეოდა, თუნდაც საქმე შენ საკუთარ წვერს არ გასცდენოდა! სხვა გზა არ დამიტოვა, წვერი გავიპარსე, მაგრამ ბოტასების საქმე უფრო რთულად იყო – ფეხსაცმელი არ მქონდა. ოჯახის მთელი საჩემფეხსაცმელო რესურსი იმ ბოტასებში მქონდა ჩადებული. აქეთ მოვდექი, იქით მივდექი, – მერე როგორღაც რაღაც ვიშოვე და გამოცდები ჩავაბარე.

 

ჰოდა, ბოტასები მერეც ხშირად მეცვა, უკვე არაჩეხურები, ნამდვილები და კიდევ უფრო ნამდვილები. მერე ეს „ბოტასები“ ისე შემოვიდა და ისე დამკვიდრდა ყოველდღიურ მოდაში, რომ დღეს სტუდენტებსა თუ მათ პროფესორებს, ან ლილოს ბაზრობაზე მყიდველ-გამყიდველს სულ ბოტასები, ადიდასები, პუმები, ნაიკები და სხვა ასეთები აცვიათ – ნამდვილები თუ ჩინურები. ახლა ფეხსაცმელი რომ გეცვას, რომელიმე კათედრის გამგემ შეიძლება გამოცდაზე არც დაგიშვას.

 

ჰოდა, წვერს რაც შეეხება, უნივერსიტეტი კარგად ხნის დამთავრებული მქონდა, რომ მეორედ მოვუშვი და, რაკი გამოცდები აღარ მქონია ჩასაბარებელი, დღემდე არ გამიპარსია. აგერ უკვე თითქმის ოთხი ათეული წელია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner