საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ქართველი სუმოისტის - ლევან გორგაძის (ტოჩინოშინის) კარიერის დასრულების აღსანიშნავ ცერემონიას - დანპაცუ-შიკის დაესწრო.
ღონისძიებაზე, რომელიც ტოკიოს მთავარ სუმოს დარბაზ „რიოგოკუ კოკუგიკანიში“ გაიმართა, ლეგენდარულ ქართველ სუმოისტს ჩომაგე (სუმოისტების ვარცხნილობა) მოკვეცეს, რის შემდეგაც რიკიში (მებრძოლი) სუმოს სამუდამოდ დაემშვიდობა.
ისტორიულ დღეს ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავა, უცხოელი დიპლომატები, მაღალი დონის სტუმრები, ლევან გორგაძისა ოჯახის წევრები, იაპონიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები და უამრავი გულშემატკივარი.
ლევან გორგაძის (ტოჩინოშინის) კარიერის დასრულების აღსანიშნავი ცერემონიის შემდეგ ტოჩინოშინის პატივსაცემად გაიმართა მიღება, რომელიც საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „რუსთავმა“ მუსიკალურად გააფორმა და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
ინფორმაციისთვის: ქართველი სუმოისტის, ტოჩინოშინის, დებიუტი კლუბ „კასუგანო ბეიას“ შემადგენლობაში 2006 წელს შედგა, 2008 წელს კი მან „მაკუუჩი“ დივიზიონში განაგრძო ასპარეზობა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ლევან გორგაძის შეუპოვარი და მებრძოლი ხასიათი, რომლის დამსახურებითაც მან მძიმე ტრავმებისა და ქვედა დივიზიონებში დაქვეითების მიუხედავად, 2018 წლის ჰაცუ ბაშოზე იმპერატორის თასის მოგება შეძლო. ამ შედეგით ის სუმოს ისტორიაში პირველი ქართველი და მესამე ევროპელი სუმოისტი გახდა, რომელმაც საიმპერატორო თასი დაისაკუთრა და ოძეკის რანგს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ლევან გორგაძემ „მაკუუჩი“ დივიზიონში 500-ზე მეტი შეხვედრა მოიგო.
ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა სპორტული კარიერის დასრულება 2023 წლის მაისში, 35 წლის ასაკში, ტრავმების გამო გადაწყვიტა. ლევან გორგაძემ კოკაისა (ლევან ცაგურია) და გაგამარუსთან (თეიმურაზ ჯუღელი) ერთად საქართველოში სუმოს პოპულარიზაციასა და ქართულ-იაპონური ურთიერთობის განმტკიცებაში დიდი წვლილი შეიტანა.