logo_geo
eng_logo
სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლის და: ისე მოკვდა, ვერ გაიგო რისთვის მიუსაჯეს სასჯელი
- +

4 თებერვალი. 2024. 21:41

 

 

„იმედის კვირა“ პატიმარი სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთ მსხვერპლს ესაუბრა. გიული ავალიშვილის ძმა, გიორგი ავალიშვილი - მიკროავტობუსის მძღოლი ჯერ ციხეში გამოკეტეს და შემდეგ აწამეს მხოლოდ იმიტომ, რომ საგარეჯოდან თბილისში საპროტესტო აქციის მონაწილეები გადაჰყავდა.

 

ავალიშვილის საქმე ათ წელზე მეტია განიხილება. ყველა ინსტანცია მოიარა. სამართლიანობისთვის დამ - გიული ავალიშვილმა იბრძოლა იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი გარემოცვა სიკვდილით და ოჯახის განადგურებით ემუქრებოდა თუ არ გაჩერდებოდა. უზენაესი სასამართლოს მიერ ამ კვირაში მიღებული გადაწყვეტილებით, საბოლოოდ დამტკიცდა, რომ გიული ავალიშვილი მართალი იყო და სწორად იქცეოდა, როდესაც საზოგადოებამდე მიჰქონდა ინფორმაცია, როგორ გამოკეტეს მისი უდანაშაულო ძმა ციხეში და სასიკვდილოდაც გაიმეტეს მხოლოდ იმიტომ, რომ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ წავიდა და აქციის მონაწილეებს მიკროავტობუსით ემსახურებოდა. 12-წლიანი ბრძოლის გზის დასასრულს პირნათელია ძმის ხსოვნასთან და საკუთარ თავთან, რადგან შეძლო და მოიპოვა გამარჯვება სასტიკ რეჟიმზე.

 

„ისე მოკვდა, ვერ გაიგო რისთვის მიუსაჯეს სასჯელი“, - ამბობს პატიმრის და.

 

სისტემამ დააშინა ყველა, ოჯახიც და ადვოკატიც, რომელიც იმდენად იყო შეშინებული, ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებასაც კი ვერ ბედავდა. პოლიტიკურ პატიმარს ციხეში ყოფნის პერიოდში სასტიკად სცემდნენ. არასათანადო მკურნალობის გამო მისი ჯანმრთელობა დღითიდღე უარესდებოდა. ციხის ბადრაგებს პატიმარი ისეთ ტერორში ჰყავდათ, დას ემუდარებოდა არსად ეჩივლა. ციხეში ცემისა და სიცივისგან ავალიშვილს თირკმელების მწვავე ტერმინალური უკმარისობა განუვითარდა, რამაც ჯაჭვური რეაქციით სხვა ორგანოებიც დააზიანა. უკვე ცოცხალმკვდარს 2012 წლის 15 მაისს სასჯელი გადაუვადეს. გათავისუფლებიდან მეოთხე დღეს გიორგი ავალიშვილი გარდაიცვალა. სასჯელის გადავადების შესახებ წერილი რეჟიმის უწყებიდან ავალიშვილების ოჯახში პატიმრის დაკრძალვის დღეს მივიდა.

 

ავალიშვილის სიკვდილიდან რამდენიმე თვეში 2012 წელს მომზადებული საგამოძიებო რეპორტაჟით გაირკვა, რომ აგენტი-პროვოკატორის ცრუ ჩვენებით დაწყებული გამოძიება და სასამართლო განაჩენი ყალბ მტკიცებულებებს ეფუძნებოდა. მთავარი მტკიცებულება, ყალბი სასაქონლო ზედნადებიც, არა ავალიშვილის მიერ, არამედ საგამოძიებო უწყებაში იყო შედგენილი, რადგან დოკუმენტზე დატანილი ეს ბეჭედი სრულიად სხვა ადამიანის და კომპანიის საკუთრებას წარმოადგენდა. ბეჭედი საგამოძიებო უწყებაში ინახებოდა, როგორც სრულიად სხვა გამოძიების ნივთმტკიცება და წესით დალუქული უნდა ყოფილიყო, რასაც ბეჭდის მეპატრონე შპს „იმედი 11“-ის დამფუძნებელი ადასტურებდა, რომლის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების გამო კომპანიის საბუთები და ბეჭედი ფინანსურმა პოლიციამ ამოიღო და დალუქა.

 

ავალიშვილის საქმის გადასინჯვა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, პროკურატურაში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ახლად შექმნილმა დეპარტამენტმა დაიწყო. გიორგი ავალიშვილის და გიული ავალიშვილი მალევე დაზარალებულად ცნეს. ძიების პროცესში გადაისინჯა მტკიცებულებები და დაიკითხნენ მოწმეები, რომელთა ჩვენებებმაც დაამტკიცა, რომ მტკიცებულებები გაყალბებული, საქმე კი განგებ შეთხზული იყო. საქალაქო სასამართლომ პროკურატურას ავალიშვილისთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

 

ავალიშვილის მსგავსად დეპარტამენტის მიერ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით პროკურატურამ, სასამართლოს 122 მსჯავრდადებულის საქმეზე მიემართა. დღეის მდგომარეობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით 118 პირის მიმართ უკვე დამდგარია გამამართლებელი განაჩენი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner