„ამას ჩვენ საზოგადოებას იმიტომ კი არ ვახსენებთ, რომ მოკლე გზა ვიპოვოთ [არჩევნებში] გამარჯვებისკენ, პირველ რიგში ამას ვახსენებთ საკუთარ თავებს - ვინ ვართ ჩვენ და საიდან მოვდივართ, რატომ ვართ დღეს ხელისუფლებაში და რის გამო მოგვანიჭა ეს უდიდესი მანდატი ქართველმა ერმა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
ცაგარეიშვილმა ასე უპასუხა წამყვანის კითხვას, რატომ ახსენებს ხელისუფლება მუდმივად წინა ხელისუფლებას ძველ საქმეებს.
„მე-20 საუკუნის ერთმა ცნობილმა ფილოსოფოსმა თქვა, რომ ისტორიის დავიწყება უპირობოდ წარსულში ჩადენილი შეცდომების გამეორებას ნიშნავსო. 2012 წლიდან მოყოლებული ეს იყო ჩვენი ყოველი გამარჯვების გასაღები - „ნაციონალური მოძრაობის“ საზარელი მმართველობის ისტორიის არდავიწყება. ამას ჩვენ საზოგადოებას იმიტომ კი არ ვახსენებთ, რომ მოკლე გზა ვიპოვოთ [არჩევნებში] გამარჯვებისკენ, პირველ რიგში ამას ვახსენებთ საკუთარ თავებს - ვინ ვართ ჩვენ და საიდან მოვდივართ, რატომ ვართ დღეს ხელისუფლებაში და რის გამო მოგვანიჭა ეს უდიდესი მანდატი ქართველმა ერმა. ეს არის შეძახილი საკუთარი თავისთვის. როგორც კი ეს დაგავიწყდება, და ზოგიერთ ჩემს თანაგუნდელს ეს დაავიწყდა, იმდენად ენით აუწერელ ტრაგედიაში გადავარდები. პირველ რიგში საკუთარ თავთან ვერ გარიგდები ადამიანი. შეიძლება იყო ოპოზიციაში, მაგრამ წახვიდე და შენს გუშინდელ ჯალათებს გაურიგდე, „სტოკჰოლმის სინდრომი“ ისე შეგეყაროს რომ ხელი მოაწერო ყველაფერზე, ეს არის ჩემთვის წარმოუდგენელი რამ“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.