logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: როტაცია, ჩანაცვლება ჩვეულებრივი მომენტია, ცვლილებები ნორმალურია, ამით გარკვეულწილად ხდება თანამდებობების დესაკრალიზაცია
- +

5 თებერვალი. 2024. 00:06

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მთავრობაში ცვლილება, თანამდებობაზე ჩანაცვლება ნორმალური პროცესია.

 

პაპუაშვილის თქმით, ყრილობაზე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა პრემიერობის ახალ კანდიდატს დაულოცა გზა, პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ კი – ახალს, ეს კი ის სტანდარტია, რომელსაც „ქართული ოცნება“ ყველა დონეზე ამკვიდრებს.

 

„ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრობიდან გადადგა რამდენიმე თვეში და ამით გარკვეული კულტურაც კი დაამკვიდრა, უფრო სწორად, აღქმა იმისა, რომ თანამდებობა დროებითია და ეს არის გარკვეულ პერიოდში შენი ქვეყნის სამსახური. ცვლილება, როტაცია, ჩანაცვლება ჩვეულებრივი მომენტია. სინამდვილეში, თუ დავაკვირდებით ევროკავშირის ქვეყნებს, საითკენაც ვისწრაფვით, იქაც ასეა, ძალიან იშვიათი გამონაკლისია, როდესაც დიდხანს არის ერთი ადამიანი თანამდებობაზე. ეს ცვლილებები ნორმალურია, ამით გარკვეულწილად ხდება თანამდებობების დესაკრალიზაცია, მათ შორის, როგორც რაღაც განსაკუთრებული მომენტი. ყრილობაზე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ახალ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს დაულოცა გზა და პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ ახალს დაულოცა გზა. ეს არის ის სტანდარტი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ამკვიდრებს ყველა დონეზე, პარლამენტი იქნება ეს, მთავრობა თუ პარტია. ეს ასეც უნდა იყოს, არ უნდა იყოს ზედმეტად გადაჭარბებული დამოკიდებულება თანამდებობის მიმართ“, – განუცხადა შალვა პაპუაშვილმა „კვირის მოამბეს“.

 

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ პირველ თებერვალს რიგით მერვე ყრილობა გამართა. ყრილობაზე ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს. ასევე, მმართველმა პარტიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე ოფიციალურად წარადგინა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner