დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის" ხელმძღვანელი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" სისტემურ ძალადობას ახორციელებდა ადამიანებზე და ამაში პენიტენციური სტრუქტურა და სხვა ინსიტუტებიც იყვნენ ჩართულები.
„ეს იყო სისტემური ძალადობა, რომელშიც ჩართული იყვნენ ძალოვანი ორგანოებიც, პენიტენციური სტრუქტურაც და სახელმწიფოს სხვა ინსტიტუტებიც!" - ამბობს ალექსანდრე გეჯაძე.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ამბობს, რომ მას ძალიან ხშირად მიმართავდნენ, რათა დაედგინა, პატიმრის სხეულზე არსებული დაზიანებები იყო თუ არა მათი წამების და ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგი.
„ძალიან ხშირად მომმართავდნენ, რათა დამედგინა, პატიმრის სხეულზე არსებული დაზიანებები იყო თუ არა მათი წამების და ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგი. შეშინებული პატიმრები ჩვენებებში მიუთითებდნენ ხოლმე, რომ დაზიანებები მიიღეს საკანში დაცემის და საწოლიდან ჩამოვარდნის შედეგად... არადა, ხელკეტი, რომლითაც პატიმრებს უსწორდებოდნენ, სხეულზე კონკრეტული შესახედაობის სისხლნაჟღენთებს ტოვებდა. მეტსაც გეტყვით - გლდანის ციხეში პატიმრებს ზოგჯერ კომბლისებური ხელკეტით სცემდნენ, რომლის მომრგვალებულ თავს ეკლისებური წანაზარდები ჰქონდა და სხეულზე სპეციფიკური კვალი რჩებოდა!" - ამბობს გეჯაძე.